გერმანიის ელჩი

კნირში: ომი რუსეთის ინტერესში იყო, საქართველოს ნაბიჯებმა მათ ქვეყანაში შემოჭრის საბაბი მისცა

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში 9 დეკემბერს, გადაცემაში – Пограничная ZONA რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ლაპარაკობს. კნირშის აზრით, 2008 წელს საქართველომ რუსეთი ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და საბაბი მისცა, ამით ესარგებლათ.

"კონფლიქტის იმგვარად, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯისთვის არახელსაყრელი იყო". - ამბობს ელჩი. 

წამყვანი ელჩს აწყვეტილებს და ეკითხება, ყირიმის ანექსიის შემდეგ განა დასავლეთში ყველასთვის ცხადი არ გახდა, რა მოხდა საქართველოში, რაზეც ელჩი კითხვითვე პასუხობს "რას გულისხმობთ?", რაზეც წამყვანი პასუხობს, რომ ყირიმისა და დონბასის შემთხვევების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ანექსია და რომ ეს არ ყოფილა საქართველოს მიერ დაწყებული. 

"ეს დებატები საქართველოში დიდი ხანია, რაც მიდის. ეს თემა ტაბუირებულიც კია. ჩვენ გვაქვს ტალიავინის დასკვნა, რომელიც დაუკვეთა ევროკავშირმა. 2014 წლის მეორე ნახევარში მთელი საერთაშორისო მტკიცებულებები იყო ფრთხილად შესწავლილი და იქ იყო ელემენტი კონფლიქტის დაწყებაზე..."

აქ წამყვანი კიდევ ერთხელ აწყვეტინებს ელჩს და ეუბნება, რომ ტალიავინის დასკვნაში 500 გვერდი ეთმობა იმას, თუ როგორ პროვოკაციებს აწყობდა რუსეთი და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ნაწილია, სადაც წერია, რომ საქართველომ რაღაც ტიპის სამხედრო მოქმედებები პირველმა დაიწყო, რაზეც ქნირში პასუხობს, რომ ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, რომ ტალიავინის დასკვნა წინ ედოთ და სიტყვა-სიტყვით ციტირებდნენ. 

"სააკაშვილის ქმედებებმა რუსეთი მათთვის ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა". - ამბობს ელჩი. 

კითხვაზე, განიხილავთ, თუ არა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გერმანიის ელჩი პასუხობს:

"ომი 2008 წელს იყო რუსეთის ინტერესებში, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის სამხედრო მოქმედებებმა, მისცა საბაბი, შეჭრილიყო საქართველოში".

კნირშის შეფასებით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხისთვის დემოკრატიული პროცესია. ხოლო პარლამენტში ხალხის შესვლის მცდელობის შემდეგ პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების სროლისა და ცრემლსადენი გაზის გაშვებასთან დაკავშირებით კნირში ამბობს, რომ პოლიციის რეაქცია მომიტინგეების საქციელის პირდაპირპროპორციული იყო.  

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰუბერტ კნირში თბილისში 2018 წლის სექტემბრიდან ასრულებს მოვალეობას. მანამდე ის ოთხ წელს მოსკოვში, გერმანიის რუსეთის ფედერაციის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, იქამდე კი გერმანულ სამთავრობო სტრუქტურებში - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის აპარატში მუშაობდა (სამი წლით გერჰარდ შრედერის დროს). 

გასული წლის განმავლობაში ჰუბერტ კნირშის განცხადებებმა მისი რეპუტაცია შეარყია. ამათგან უახლესი მისი განცხადებაა რვა მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, როცა მან თქვა, რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი “შეთანხმებაში ნახსენები არ არის”.

ამ ამბამდე ერთი დღით ადრე ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციებს კიცხავდა ქსენოფობი ქართველი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად. საქმე ეხებოდა გაეროსადმი  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. NGO-ების შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას. ჰუბერტ კნირშმა კი წუხილი გამოთქვა "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული".

ჰუბერტ კნირშის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ - აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები