ჰუბერტ კნირში

ევროკავშირი საქართველოში: ვგმობთ თავდასხმებს გერმანიის ელჩის წინააღმდეგ

Commersant.ge

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გაავრცელა განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის შესახებ "ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით".

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გმობს "გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის, წინააღმდეგ".

"ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში". – ვკითხულობთ განცხადებაში.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის გამონათქვამები ქართულ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით საკამათო ბოლო პერიოდში გახდა, მას შემდეგ, რაც ჰუბერტ კნირშმა თქვა, რომ რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამ განცხადებამ “საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ ტყუილს და მანიპულაციებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ბოკერიას პარტია და მიხეილ სააკაშვილი”. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი კნირში “თარგმანში დაკარგულს ჰგავს” და უთანაგრძნობს “ამ გაუგებრობისა და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია”.

იქამდე კი ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციებს კიცხავდა ქსენოფობი ქართველი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად. საქმე ეხებოდა გაეროსადმი  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. NGO-ების შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას. ჰუბერტ კნირშმა კი წუხილი გამოთქვა "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული".

ნახეთ: რურუა, 20 ივნისი, პროკურატურის განცხადება - გერმანიის ელჩის უცნაური თავგადასავალი

კომენტარები