გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის ბიძა: ბევრგან ვნახე, თავის ქალა ჩატეხილი ჰქონდა და ყური მოჭრილიო, ვინ მოიგონა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის თქმით, გარდაცვლილს მთელ სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა, არა მოტეხილობები. მან TV პირველის ეთერში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცხედარს თავის ქალა ჰქონდა დამტვრეული. 

"ვინ მოიგონა და რატომ ქნა, არ ვიცი. არ აქვს... ბევრ გადაცემაში ვნახე - თავის ქალა ჩატეხილი, ყური მოჭრილი - ვინ მოიგონა". – ამბობს ნიკოლაძე და აღნიშნავს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, გაირკვეს, დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს ცემის შედეგად ხომ არ ჰქონდა მიყენებული.

"დაზიანებებს გიდასტურებთ მთელ სხეულზე. პირველადი დათვალიერებით, დაზიანებები არ იყო მოტეხილობების სახით. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ჩქარი დინების პირობებში, ყოფილა, რომ ცხედრები ნეკნებშიც კი ყოფილა დალეწილი, ხელები, ფეხები მომტვრეული ჰქონიათ, ძალიან მძიმე სურათია ხოლმე, ეს არ იყო ამ შემთხვევაში, ძვლოვანი მოტეხილობა არ ყოფილა.

ცემას არ გამოვრიცხავთ. ესაა მთავარი, დაზიანებები ხომ არ იყო ცემის შედეგად მოყენებული, კაცს შეიძლება ერთხელ, ორჯერ დაარტყა, შემდეგ კრა ხელი და აღმოჩნდეს მდინარეში, სადაც დაიხრჩობა. აქეთ მივდივართ ჩვენ, ეს არის ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი და მე აქედან თამასას ვერ ჩამოვწევ". – ამბობს გარდაცვლილის ბიძა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე იყო. აგარაკზე იუბილარის მეგობრებსა და უბნელებს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ჩვენებებში წერენ, ჩხუბში შაქარაშვილი არ მონაწილეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და "ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა".

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ. ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება". – აცხადებს შსს.

კომენტარები