საარჩევნო კოდექსის ცვლილება

რა ცვლილებები შედის საარჩევნო კანონმდებლობაში

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის.

ცვლილებები რამდენიმე კანონს შეეხება.

ისინი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, საარჩევნო დავების განხილვას, პარტიების დაფინანსებასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. გათვალისწინებულია გენდერული კვოტების საკითხი.

ცვლილებათა პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

მისი თქმით:

საუბნო-საარჩევნო კომისიები

არაპარტიული ნიშნით ასარჩევი წევრები აირჩევიან საოლქო კომისიაში არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით;

ინტერესთა კონფლიქტი – იკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიებში იმ პირთა დანიშვნა, რომლებიც წინა საარჩევნო კომისიაში პარტიული ნიშნით იყვნენ გამწესებული.

მედიაკამპანია და საეთერო დრო

2020 წელს 19 კვალიფიციურ პარტიაზე იქნება გამოყოფილი უფასო საეთერო დრო.

2020 წლის არჩევნების შემდეგ უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც შესაბამისი ბარიერი გადალახეს – 1%-იანი ბარიერი პარტიებისთვის და დიფერენცირებული ბარიერი ბლოკებისთვის. რაც შეეხება პარტიებს ბლოკის შიგნით – მათზე ბლოკისთვის განკუთვნილი დრო თანაბრად გაიყოფა.

2024 წლიდან პარტიებს ბლოკებად გაერთიანება ეკრძალებათ. ხოლო პარტია, რომელიც მიიღებს 3%-ს, მიიღებს უფასო საეთერო დროს.

ფასიანი საეთერო დროის ტარიფები წინასწარ დადგინდება შესაბამისი მაუწყებლის მიერ. მათი გადახედვა შესაძლებელი იქნება ერთხელ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე.

იკრძალება აგიტაციის გაწევა საარჩევნო სარეკლამო რგოლებით სხვა პოლიტიკური ჯგუფების სასარგებლოდ – უნდა ჩანდეს, რომელ პარტიას ეკუთვნის სარეკლამო რგოლი.

მაუწყებელს ეკრძალება საარჩევნო სუბიექტებისთვის იმაზე მეტი (როგორც ფასიანი, ისე უფასო საეთერო) დროის დათმობა, ვიდრე კანონით არის დადგენილი. ეს შემოწირულობად ჩაითვლება და ორმაგი ოდენობით დაისჯება.

იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაცული რეგიონული მაუწყებლების ინტერესები: თუ რომელიმე სუბიექტი მაუწყებელში შეისყიდის საარჩევნო დროს, მან დადგენილი თანხის 10% მაინც უნდა გამოუყოს რეგიონულ მაუწყებელს.

სანქციის შეფარდებაზე, თუ საქმე ეხება საარჩევნო სუბიექტს, პასუხისმგებელი არის ცესკო, თუ მაუწყებელს – მარეგულირებელი კომისია.

საარჩევნო გარემო

სიჩუმის დღე – კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს, 20:00 საათამდე აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

25-მეტრიანი რადიუსი – საარჩევნო უბნებიდან აკრძალული იქნება საარჩევნო მასალის განთავსება. თუ განთავსდა, დაექვემდებარება სავალდებულო ჩამოხსნას.

იკრძალება ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

"იგულისხმება არა მხოლოდ ის, რომ ვიღაც ფიზიკურად წინ გადაუდგეს და ხელი შეუშალოს, არამედ კითხვების დასმა, ვის აძლევს ხმას და სხვა". – თქვა კობახიძემ.

მესამე მხარისგან რომელიმე სუბიექტის რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი. ასევე, აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული ნებისმიერი შემოწირულობა.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენცია

არსებობს რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება საჯარო მოხელეებზე. დამატებით გავრცელდება საჯარო სკოლების პედაგოგებზე, სსიპებისა და საჯარო ააიპების თანამშრომლებზე. ისინი სამუშაო საათებში აგიტაციაში ვერ ჩაერთვებიან.

ასევე, კოდექსს დაემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებს და სხვა სახელმწიფო უწყებებს შესრულებული პროექტების შესახებ სარეკლამო რგოლების განთავსებას შეუზღუდავს.

საარჩევნო დავები – დგინება შემჭიდროებული ვადები როგორც ცესკოსთვის, ისე მარეგულირებელი კომისიისთვის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით – 10-დღიანი ან 2-დღიანი ვადა, სპეციფიკიდან გამომდინარე.

ასევე, სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის შესახებ ფაქტის დადგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს ან 10 დღეს.

მეორე ტური

საპარლამენტო არჩევნებიდან 3 კვირის შემდეგ ტარდება მეორე ტური. ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიამრთება 31 ოქტომბერს, მეორე ტური – 21 ნოემბერს.

უფასო საეთერო დრო: მეორე ტურისთვის სუბიექტებისთვის უფასო საეთერო დრო გამოიყოფა ზუსტად იმ პროპორციიით, რა პროპორციითაც გადაიყვანეს პარტიებმა თავიანთი კანდიდატი მეორე ტურში. თუნდაც ეს იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი, თუნდაც პირველ ტურში არ იყო მიჩნეული კვალიფიციურ სუბიექტად, მეორე ტურში მას ექნება უფასო საეთერო დროით სარგებლობის საშუალება.

გენდერული კვოტები:

დგინდება სავალდებულო გენდერული კვოტები: ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად უნდა იყოს მითითებული განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის.

2028 წლიდან ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.

თვითმმართველობის არჩევნებზე გენდერული კვოტა – სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ წარადგინა ალტერნატიული წინადადება, რაც გულისხმობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მესამე ადამიანი იყოს განსხვავებული სქესის.

სხვა საკითხები

ასევე, საარჩევნო კოდექსში აისახება საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გულისხმობს მანდატების 120/30-ზე სისტემით გადანაწილებას, თანმხლებ ელემენტებთან ერთად.

კოდექსში შევა დროებით ნორმა, რომელიც აწესრიგებს ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესს.

რაც შეეხება დაფინანსებას, პოლიტიკური პარტია მიიღებს დაფინანსებას – თითო ხმაზე 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ თუ პარტია აღებს 3%-ს, რაც უდრის დაახლოებით 50 000 ხმას, დაფინანსების სახით მიიღებს 750 000 ლარს. ამას შეიძლება მოჰყვეს დანამატი გენდერული კვოტების დაცვისთვის – 30%. ანუ, შეიძლება, პარტიამ მიიღოს 1 მილიონი ლარი 3%-ის მიღების შემთხვევაში. რაც შეეხება ხმებს 50 000-ის ზევით – პარტია მიიღებს თითო ხმაზე 5 ლარს. ეს არის პარტიების დაფინანსების რეგრესული წესი.

ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედება. სანქციად გათვალისწინებულია ჯარიმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები