Wizz Air

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ ადასტურებს, რომ Wizz Air ქუთაისში ბაზას აუქმებს

აეროპორტების გაერთიანება

განახლება 1:59 - ნეტგაზეთმა მასალა გაასწორა და დაწერა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ტაბულას არ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაბალბიუჯეტიანი Wizz Air ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა და მასალაში გამოცემა სწორედ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეყრდნობოდა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ არ იციან, ვინ მიაწოდა მედიას ეს ინფორმაცია და ამას გაარკვევენ. 

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს. ამ 15 ქვეყნიდან განსხვავებულია ჩინეთის შემთხვევა, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება საზღვრები, თუკი პეკინიც ანალოგიურად მოიქცევა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

ამ დრომდე მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ევროკავშირის მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 30 ივნისს თქვა, რომ საჰაერო ფრენებზე მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისი იქნებოდა.

კომენტარები