ტურიზმი

თურნავა: Wizzair-ი არ გადის, არ აქვს მნიშვნელობა, თვითმფრინავი ქუთაისში ეყოლება თუ სხვა ბაზაზე

საქართველოს მთავრობა

"მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ Wizzair-ი არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული". – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას პირადად ესაუბრა და Wizzair-ი თავადაც დაადასტურებს ამ ინფორმაციას.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, შეამციროს დანახარჯები და სხვადასხვა თვითმფრინავის გადაჯგუფება ხდება. მისი თქმით, ეს "წმინდა ტექნიკური საკითხია" და "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, Wizzair-ს თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს".

„მთავარია, რომ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“. – აღნიშნა ნათია თურნავამ.

30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა – 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები: ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებით.

30 ივნისის საღამოსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Wizz Air-ი ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს. ეს თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა. ის მასალაში გამოცემა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეყრდნობოდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ არ იციან, ვინ მიაწოდა მედიას ეს ინფორმაცია და ამას გაარკვევენ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თანახმად, ბაზის გაუქმება ავიაკომპანიის გასვლას არ ნიშნავს, თუმცა, ამ გადაწყვეტილებით 150 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.

"საუბარია იმაზე, რომ ქუთაისში არ იქნება ბაზირებული თვითმფრინავები. ბაზა ამას ნიშნავს, რომ იქ იყო რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც უკვე გაყვანილი ჰყავს ვიზეარს". – ამბობს გიორგი კანდელაკი.

კომენტარები