ფრენების აღდგენა

კანდელაკი: ჩვენი ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს, რომ ფრენები არც აგვისტოში აღდგეს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის მიერ რეგულარული ფრენების აღდგენის გადადების შესახებ ილაპარაკა.

გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი გეგმავს, ქუთაისში თავისი ბაზა გააუქმოს.

"მომავალში, როცა კი ეს იქნება და ფრენები გაიხსნება, ფრენები, ალბათ, რაღაც რაოდენობით მაინც იქნება, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, რომელზეც პირდაპირ გავლენა მოახდინა მთავრობის მცდარმა და საზიანო გადაწყვეტილებამ, არ აღადგინოს ფრენები ევროკავშირთან". – ამბობს ის.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თანახმად, ბაზის გაუქმება ავიაკომპანიის გასვლას არ ნიშნავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებით 150 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.

"საუბარია იმაზე, რომ ქუთაისში არ იქნება ბაზირებული თვითმფრინავები. ბაზა ამას ნიშნავს, რომ იქ იყო რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც უკვე გაყვანილი ყავს ვიზეარს". – ამბობს გიორგი კანდელაკი.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გაუგებარს და ბრიყვულს უწოდებს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ აღადგინოს ფრენები ევროკავშირთან იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

"უამრავი ადამიანი, ვინც იმედის თვალით შეჰყურებდა პირველი ივლისიდან ფრენების გახსნას, მთავრობამ დატოვა შანსის გარეშე, რომ თუნდაც სიმბოლური შემოსავალი მიიღონ ტურიზმისგან". – ამბობს გიორგი კანდელაკი.

დეპუტატი დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს, რეგულარული ფრენები არც აგვისტოში აღადგინოს.

ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, "გადახედოს ამ მცდარ გადაწყვეტილებას და აღადგინოს ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან მაინც, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეფასებულია, როგორც კარგი ან ძალიან კარგი".

"ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ფინეთი და სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ჩვენი ტურიზმისთვის ტრადიციულად არის ძალიან მნიშვნელოვანი". – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

30 ივნისის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Wizz Air-ი ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა. ის მასალაში გამოცემა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეყრდნობოდა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ არ იციან, ვინ მიაწოდა მედიას ეს ინფორმაცია და ამას გაარკვევენ. 

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს. ამ 15 ქვეყნიდან განსხვავებულია ჩინეთის შემთხვევა, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება საზღვრები, თუკი პეკინიც ანალოგიურად მოიქცევა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

ამ დრომდე მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ევროკავშირის მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 30 ივნისს თქვა, რომ საჰაერო ფრენებზე მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისი იქნებოდა.

კომენტარები