გამოძიება საბოტაჟის საქმეზე

გახარია: დარწმუნებული ვარ, "მთავარი" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ დაუშვებს

0 კომენტარი
გიორგი გახარია ფოტო: საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი საგამოძიებო ორგანო დაიწყებს გამოძიებას, მთავარი არხი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საშუალებას არავის მისცემს.

პრემიერმა სუს-ის მიერ საბოტაჟის საქმის გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა:

"დარწმუნებული ვარ, მთავარი, რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რამე სხვა თვალსაზრისით რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. ამაში დარწმუნებული ვარ".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ საბოტაჟის მუხლით გამოძიებას 2020 წლის მარტიდან აწარმოებს.

უწყება აცხადებს, რომ გამოძიება ახალი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმციული მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე დაიწყო - უწყების ცნობით, 16 მარტს მოქალაქეებმა მიიღეს SMS-ები, რომლებიც მიზნად ისახავდა მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიური ზემოქმედებს მოხდენას, მათში უნდობლობის, პანიკის და ქაოსის გამოწვევას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტიან ბრძოლას.

მოგვიანებით კი საქმეს მთავარი არხის სიუჟეტები დაემატა. უწყება მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტების მიზანიც მოქალაქეებზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენის, პანიკისა და ქაოსის გამოწვევის მცდელობასა და სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირების ხელის შეშლა იყო - სუს-ი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანულენოვანი რესპონდენტების კომენტარები არასწორად იყო თარგმნილი და მთავარმა არხმა ეთერში გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტები გაუშვა, რომლებიც "მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით".

სწორედ ამ მიზეზით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სიუჟეტების რესპონდენტები გამოიკითხნენ, სიუჟეტების შინაარსის შესახებ ფეისბუქზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ კი უწყებამ რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძეც დაიბარა.

მთავარმა არხმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვისას მათი რესპონდენტები დააშინეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი განაცხადა, რომ დაუშვებელია,საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობით, მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, ეს ფუნქცია ხელისუფლების რომელიმე შტომ შეასრულოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები