საზღვრის გახსნა

საქართველო გერმანიას, ლატვიას, ლიტვას, საფრანგეთსა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, ლატვიას, ლიტვას, საფრანგეთსა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის. ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე ილაპარაკა. 

"ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და მათ უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია – ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია". – ამბობს ჩიქოვანი.

მისივე თქმით, ამ 5 ქვეყნის მიმართულებით საავიაციო მიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.

"მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში ორი რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან". – ამბობს ჩიქოვანი.  

მისივე თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს და რეკომენდაციის გათვალისწინებით, ორ კვირაში ერთხელ, ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის, ასევე საქართველოში შემოსვლის პირობები. 

მთავრობის გადაწყვეტილებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "დაგვიანებული, თუმცა სწორი ნაბიჯია". 

ევროპული საქართველო ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ გააფართოოს ამ ქვეყნების სია და მათ შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს პოლონეთთანაც. 

კომენტარები