ფრენები

კანდელაკი საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინზე: რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი?

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დისკრიმინაციულია მთავრობის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებს დაუწესოს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ევროკავშირის იმ ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგაც კი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში კარანტინის გაუვლელად ვუშვებთ. 

"რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი? სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებაა და ახლავე მოვუწოდებთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალონ". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ხუთ წევრ სახელმწიფოსთან – გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი – საქართველო რეგულარულ ფრენებს 8 ივლისიდან აღადგენს, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ეს სწორი, თუმცა დაგვიანებული ნაბიჯია. 

"უამრავ ადამიანს, ბიზნესს უკვე მიადგა სერიოზული ზარალი ამ გაურკვევლობის გამო და იმის გამო, რომ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში საერთოდ არ გაიხსნებოდა ფრენები. გუშინაც კი ასეთი გაჯიუტებული და გაჯიქებული განცხადებები გვესმოდა მთავრობის მხრიდან, რომელთა მიუხედავადაც, სწორია, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გახსნის შესახებ". – თქვა დეპუტატმა. 

გიორგი კანდელაკი ევროპული საქართველოს სახელით მთავრობას მოუწოდებს, რომ გააფართოოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთათვისაც საქართველო საზღვარს ხსნის და მასში დაამატოს, მათ შორის, პოლონეთი. 

"გაუგებარია, მაგალითად, რატომ არ არის ამ ნუსხაში პოლონეთი, ჩვენი ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ქვეყანა 40-მილიონიანი მოსახლეობით, რომლის ხუთ დიდ ქალაქში ქუთაისის აეროპორტიდან იყო პირდაპირი ფრენა. პოლონეთშიც სიტუაცია არის საკმაოდ ნორმალური, დანია და ფინეთი, იქაც იყო რეისები". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ევროპული საქართველოს სახელით დეპუტატი ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ სპეციალური რეგულაციებითა და ახალ კორონავირუსზე ტესტის მოთხოვნით სახმელეთო საზღვარი გახსნას თურქეთთან. 

"რეგულაციებით, Covid-პასპორტითა და Covid-ტესტების მოთხოვნით, მაგრამ გახსნას იმიტომ, რომ თურქეთში მუშაობს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე სეზონურ სამუშაოებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. 

როგორც ამ შემთხვევაში, რასაც ევროპული საქართველო ამბობდა, აღმოჩნდა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევებშიც მოვუწოდებთ, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ ძალიან რთულ სიტუაციაში". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნისთვის – გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ლიტვასთვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის. 

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ. 

საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ზემოთ ჩამოთვლილი ევროკავშირის 5 ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ. 

კომენტარები