გიორგი შაქარაშვილის საქმე

მესამე მანქანა შაქარაშვილის საქმეში - ვინ ესაუბრა ამირხანაშვილს თბილისში ჩამოყვანის შემდეგ

მთავარი არხი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში მესამე მანქანა ჩნდება – თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის მეგობარს და შემთხვევის მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ შეხვდა, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს.

კადრები თავდაპირველად ტელეკოპანია ფორმულამ მოიპოვა, შემდეგ კი სხვა მედიებმაც გაავრცელეს. გამოძიება არც მესამე მანქანაზე საუბრობს და არც ეს კადრები უხსენებია.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქმეში ორი მანქანა ფიგურირებდა – ტოიოტა კამრი და მერსედესი, რომელშიც იჯდა ნ. ჟ, რომელიც რკინის ხელკეტით იყო შეირაღებული.

კადრებში ჩანს, რომ ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება და სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე.


ფოტო: მთავარი არხი
ფოტო: ტვ პირველი
მთავარი არხი რამდენიმე დღეა, ამტკიცებს, რომ საქმეში ქუჩის ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც, თავის მხრივ, ქართული ოცნების ხელისუფლება ხელს აფარებს, ვინაიდან ის ბერას ახლო მეგობარია. თუმცა, "კაწრო" არავის გამოუკითხავს.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა მოსაზრება, რომ ის, ვინც ამ კადრებში ჩანს, არა კაწრო, არამედ მისი მეგობარი, ოთო კერესელიძეა.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს.

გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადების დღეზე, სადაც დაახლოებით 35 სტუმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებას შაქარაშვილი და მისი მეგობრები გაერიდნენ. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილმა, "ნახალოვკელებმა", მეგობრებს დახმარება სთხოვეს და თბილისიდან "გამოიძახეს". მცხეთაში ისინი 2 მანქანით ჩავიდნენ. ერთ-ერთი ადამიანი რკინის კეტით იყო შეიარაღებული.

როცა ისინი მცხეთაში მივიდნენ, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ 2 ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე იყვნენ და მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა წასულიყვნენ ლისის ტბაზე, სადაც, დაპირისპირების შემდეგ, დაბადების დღის სტუმრების ნაწილს წვეულება უნდა გაეგრძელებინა. სწორედ აქ გაუსწორდნენ ნაძალადეველები შაქარაშვილს და მის მეგობრებს. ნაწილი დაიმალა, ნაწილი – გაიქცა. სწორედ ამ მომენტიდან გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.

საქმის გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

დაკავებულია 17 ადამიანი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან.

რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილს, ის შაქარაშვილის მეგობარი და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ამირხანაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც დაპირისპირების დროს უკან დაიმალა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა თქვა, რომ ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია. მოგვიანებით ამის დამადასტურებელი კადრები მთავარმა არხმაც გაავრცელა.

ბრალდებულების ადვოკატების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისიც არის, გურამ ამირხანაშვილმა სიმართლე თქვას – მათი აზრით, საქმის მთავარი მოწმე სიმართლეს არ ამბობს.

გიორგი გელხაურის თქმით, ამირხანაშვილმა ჩვენება 4-ჯერ შეცვალა, რაც არის იმის საფუძველი, რომ მისი ჩვენებები ანულირდეს.

ასევე, არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც მეტი დეტალი გაირკვევა, ამირხანაშვილის სტატუსი შეიცვალოს და ის ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს.

კომენტარები