გიორგი შაქარაშვილის საქმე

ტვ იმედმა თქვა, რომ შსს-ს ბილანაშვილი იდენტიფიცირებული ჰყავს, მოგვიანებით ინფორმაცია უარყო

ტვ იმედი

ტელეკომპანია იმედმა 17:19 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, ქუჩის ავტორიტეტი ავთანდილ ბილანაშვილია, იგივე კაწრო. არხის მტკიცებით, სწორედ ბილანაშვილია ის პირი, რომელიც 19 ივნისს, გამთენიისას სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს და რომელიც თეთრი სატვირთო მიკროავტობუსით გადაადგილდება.

ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ყავს.

თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

ქუჩის ავტორიტეტზე, ავთანდილ ბილანაშვილზე, იგივე კაწროზე შსს-ს ამ დრომდე არაფერი უთქვამს. უწყებისგან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კაწრო უკვე რამდენიმე საათია, შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მისი გამოკითხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს.

ტელეკომპანია მთავარი არხი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ქუჩის ავტორიტეტი, ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც, თავის მხრივ, ქართული ოცნების ხელისუფლება ხელს აფარებს, ვინაიდან ის ბერას ახლო მეგობარია.

რამდენიმე მედიის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში მესამე მანქანა ჩნდება – თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის მეგობარს და შემთხვევის მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ შეხვდა, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს.

კადრები თავდაპირველად ტელეკოპანია ფორმულამ მოიპოვა, შემდეგ კი სხვა მედიებმაც გაავრცელეს. გამოძიება ამ დრომდე ოფიციალურად ამაზე არ ლაპარაკობს და არც ეს კადრები უხსენებია.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქმეში ორი მანქანა ფიგურირებდა – ტოიოტა კამრი და მერსედესი, რომელშიც იჯდა ნ. ჟ, რომელიც რკინის ხელკეტით იყო შეირაღებული.

კადრებში ჩანს, რომ ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწროა, რომელიც ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება და სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვერსია, ტეთრპერანგიანი კაცი, რომელიც ამირხანაშვილს შეხვდა, არა თავად კაწრო, არამედ მისი მეგობარი ოთარ კერესელიძეა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეების მიერ შეცვლილ ჩვენებებზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები