საქართველო-უკრაინა

საგარეო: სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროში უკრაინის ელჩს შევხვდით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ. უწყების ცნობით, ელჩი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაჰპირდა", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კიევში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 9 ივლისს თქვა, რომ ის ოქტომბერში, "ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე", წინა ხაზზე იქნება.

კომენტარები