გიორგი შაქარაშვილის საქმე

ომბუდსმენმა შესაძლოა პროკურატურიდან გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები გამოითხოვოს

ტაბულა

სახალხო დამცველმა, შესაძლოა, პროკურატურას მიმართოს და გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები გამოითხოვოს.

ეს დღეს ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ თქვა.

"გამოძიებასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ მედიაში მიმდინარე პროცესებს. სახალხო დამცველი ხვდება ბრალდებულებს, ასევე, უახლოეს დღეებში ვაპირებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას. მათგან მოვისმენ, რა კითხვები აქვთ გამოძიებასთან, რაში სჭირდებათ სახალხო დამცველის ჩართულობა და არ გამოვრიცხავ, რომ მივმართოთ პროკურატურას, მოგვცეს საშუალება, წვდომა გვქონდეს მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებზე, შევისწავლოთ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ის". – თქვა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს.

გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადების დღეზე, სადაც დაახლოებით 35 სტუმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებას შაქარაშვილი და მისი მეგობრები გაერიდნენ. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილმა, "ნახალოვკელებმა", მეგობრებს დახმარება სთხოვეს და თბილისიდან "გამოიძახეს". მცხეთაში ისინი 2 მანქანით ჩავიდნენ. ერთ-ერთი ადამიანი რკინის კეტით იყო შეიარაღებული.

როცა ისინი მცხეთაში მივიდნენ, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ 2 ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე იყვნენ და მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა წასულიყვნენ ლისის ტბაზე, სადაც, დაპირისპირების შემდეგ დაბადების დღის სტუმრების ნაწილს წვეულება უნდა გაეგრძელებინა. სწორედ აქ გაუსწორდნენ ნაძალადეველები შაქარაშვილს და მის მეგობრებს. ნაწილი დაიმალა, ნაწილი – გაიქცა. სწორედ ამ მომენტიდან გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.

საქმის გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

დაკავებულია 17 ადამიანი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმეს მედია შსს-ის პარალელურად იძიებს. რადიო თავისუფლებამ, ასევე, რამდენიმე ტელევიზიამ საქმის მასალები მოიპოვა. გამოიკვეთა არაერთი დეტალი, რომელზეც გამოძიება არაფერს ამბობს. მათ შორის, მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები.

კომენტარები