8 მარტის შეთანხმება

"პატივი ეცით 8 მარტის შეთანხმების როგორც ტექსტს, ისე სულისკვეთებას" – ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭისყრაზე მიიღო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შესული რამდენიმე შესწორება.

სხვა საკითხებთან ერთად შესწორებები შეხო 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასაც. კერძოდ, ევროპარლამენტი ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცეს შეთანხმების სულისკვეთებას და შეასრულოს მისი ყველა ასპექტი. 

"მივესალმებით პრეზიდენტს ზურაბიშვილის მიერ 15 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას ორი დაპატიმრებული ოპოზიციონერის ლიდერის შეწყალების თაობაზე, როგორც დაძაბულობის შემცირებისა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ამ მხრივ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პატივი სცეს, როგორც შეთანხმების ტექსტს, ისე მის სულისკვეთებას და შეასრულოს მისი ყველა ასპექტი, კონკრეტულად კი ყველა ელემენტი საარჩევნო რეფორმის თაობაზე აისახოს კონსტიტუციაში და კანონში და მოხდეს მათი იმპლემენტაცია რაც შეიძლება სწრაფად".

შესწორებებში ასევე პირდაპირაა საუბარი იმაზე, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს მედიის მფლობელებისა, თუ წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აღძვრისგან. 

შესწორებები სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის ხელშეწყობით, შეთანხმება შედგა. მისი ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და საარჩევნო კოდექსის გაჯანსაღებას მოიცავს, ხოლო მეორე პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ქართული ოცნება შეთანხმების მეორე ნაწილს არ აღიარებს და იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტარები, თუ ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყანას ისინი არ ჰყავს. 

თუმცა, ფაქტია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება მიღებულია, ისევე, როგორც ახალი საარჩევნო კოდექსი და ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს მხარეებს, შეასრულონ შეთანხმება სრულად. 

კომენტარები