ენერგეტიკა და წყალმომარაგება

კანდელაკი სემეკის კანონპროექტზე: ქართული კომპანიები საფონდო ბირჟაზე წილს ვეღარ გაიტანენ

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, იმ კანონპროექტით, რისი დაჩქარებული წესით მიღებასაც სემეკი ითხოვს, საქართველოს სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგება, ვინაიდან ქართული კომპანიები ვეღარ შეძლებენ საფონდო ბირჟებზე წილების გატანას და ამით კაპიტალის მოზიდვას. 

ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტზე ისაუბრა, სადაც სადაც სემეკის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება. კანონპროექტით, გამანაწილებელ კომპანიებს წილების გაყიდვა ეზღუდებათ. 

"ხომ არ სჯობს, პირდაპირ ჩავწეროთ, რომ მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ან ოკუპანტი ქვეყნის მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანიასთან ტრანზაქციაში ჩარევის უფლება ექნება მარეგულირებელს? აი, ასე რომ ჩავწეროთ პირდაპირ.

ასეთ შემთხვევაში, თუკი რაც შემოთავაზებული გაქვთ გავა, წარმოვიდგინოთ ქართული კომპანია, რომელსაც უნდა, რომ გავიდეს რომელიმე საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე და 20% გაიტანოს იქ და მოიზიდოს კაპიტალი. ამას ხომ ვერ გააკეთებს? ან კომპანია, რომელიც საკუთარი აქციებით ვაჭრობს საფონდო ბირჟაზე, აპირებს, რომ აქ შემოვიდეს, ხომ ვერც ეს მოხდება? ფულს ვკარგავთ, ასე გამოდის". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

კანონპროექტის მიხედვით, სანამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი კომპანია 5%-იან ან უფრო მსხვილ წილს გაყიდის, ან მფლობელს შეიცვლის, ვალდებული იქნება, ამის შესახებ სემეკს აცნობოს. ამის შემდეგ სემეკს სამი თვე ექნება იმის განსახილველად, მისცემს თუ არა კომპანიას ნებართვას წილის გასხვისებაზე.

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა. დავით ნარმანია საუბრობს წინა ხელისუფლების დროინდელ გარიგებებზე, რომლებმაც, მისი თქმით, "ნეგატიური გავლენა იქონია სისტემაზე". სემეკის თავმჯდომარეს ამის მაგალითად ყაზტრანსგაზის შემოყვანა მოჰყავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები