ძაღლის თავდასხმა ქალზე

რატიანი ქალზე, რომელიც პიტბულმა დაკბინა: მდგომარეობა რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზეა

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 67 წლის ქალი, რომელსაც თბილისში პიტბულის ჯიშის ძაღლი დაესხა თავს, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. 

ამის შესახებ ლევან რატიანმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

"შემოყვანისას აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკბენ-ნაფლეთოვანი ჭრილობა, გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ჩატარდა რეკონსტრუქციული ოპერაციები. ამ ეტაპზე პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა რჩება მძიმე". – თქვა ლევან რატიანმა. 

შემთხვევა 16 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავდასხმის ინციდენტის თვითმხილველმა, რომელიც შეიარაღებული იყო, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ძაღლს სროლის ხმაზე რეაქცია არ ჰქონია, მან ძაღლს ესროლა. 

ძაღლის მეპატრონის ოჯახის მეგობრის თქმით, სამი წლის პიტბულის ჯიშის ძაღლს აქამდე არასდროს არავისთვის უკბენია. მისივე ცნობით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი დააძინეს. 

როგორც ლევან რატიანი განმარტავს, ყველაზე დიდი ჭრილობა 67 წლის ქალს თავისა და სახის მიდამოში აქვს, სადაც ყბა-სახის ქირურგებმა ოპერაცია ჩაუტარეს. ქალს აქვს ჭრილობა მუცელზეც, მაგრამ მუცლის ღრუ დაზიანების გარეშეა. ჭრილობები აქვს მიყენებული ორივე ქვემო კიდურზე და თავ-კისრის არეში. 

დაზარალებულის ოჯახი გეგმავს, ძაღლის პატრონს უჩივლოს იმის გამო, რომ ე.წ. მებრძოლი ძაღლი უყურადღებოდ დატოვეს.

კომენტარები