ახალი კორონავირუსი

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა Covid-19-ის წინააღმდეგ საიმედოა, იწვევს იმუნურ რეაქციებს

0 კომენტარი
ფოტო: OXFORD UNIVERSITY / BBC

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო ჩანს და იმუნურ რეაქციებს იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC სამუშაო ჯგუფის პროფესორებზე დაყრდნობით ავრცელებს

უფრო კონკრეტულად კი ცდამ, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 1 077 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ვაქცინა ადამიანებში ისეთ ანტისხეულებსა და T ლიმფოციტებს ქმნის, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლა შეუძლიათ. 

როგორც ვაქცინაზე მომუშავე მკვლევარები ამბობენ, კვლევა ძალიან იმედისმომცემია, თუმცა, ჯერჯერობით მაინც ადრეა იმის თქმა, არის თუ არა ეს ვირუსისგან თავდაცვის საკმარისი მექანიზმი. ამ ეტაპისთვის ცდას არ შეუძლია იმის ჩვენება, შეუძლია თუ არა ვაქცინას ან ვირუსის შეყრის პრევენცია მოახდინოს, ან შეამციროს მისი სიმპტომები. შესაბამისად, უფრო მეტი ცდაა საჭირო უფრო მეტ ადამიანზე. შემდეგ ცდაში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 10 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას. 

"ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაობია, სანამ შეგვეძლება ვამტკიცოთ, რომ ჩვენი ვაქცინა Covid-19-ის პანდემიის მართვას დაეხმარება, მაგრამ ეს ადრეული შედეგები ძალიან იმედისმომცემია". – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სარა გილბერტი. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა, სახელწოდებით ChAdOx1 nCov-19 ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. ის გენეტიკური ინჟინერიისგან გამოყვანილი ვირუსისგანაა შექმნილი, რომელიც შიმპანზეებში ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. ვირუსი მოდიფიცირებულია იმგვარად, რომ ადამიანებში ინფექცია არ გამოიწვიოს და უფრო მეტად "დაემსგავსოს" კორონავირუსს. 

ცდის პროცესში ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანიდან 14 დღის შემდეგ T ლიმფოსიტების, ხოლო 28 დღის შემდეგ კი ანტისხეულების დონეს ამოწმებენ. მკვლევარებმა ამ დრომდე არ იციან, რამდენ ხანს ძლებს ვაქცინა ორგანიზმში, რადგან კვლევა ამდენ ხანს არ გაგრძელებულა. 

კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ ადამიანების 90%-მა ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გამოყენების შემდეგ გამოიმუშავა და მხოლოდ 10%-ს დასჭირდა მეორე დოზაც, რის შემდეგაც, მათაც გამოუმუშავდათ ანტისხეულები. 

BBC-ის ცნობით, ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა, აქვს გვერდითი ეფექტებიც. იმ ადამიანების 70%-ს, ვინც ცდაში მიიღო მონაწილეობა, ან ტემპერატურა უწევდათ ან თავი სტკივდებოდათ. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს გვერდითი ეფექტები, შესაძლოა, დარეგულირდეს პარაცეტამოლით. 

დიდი ბრიტანეთის გარდა, ვაქცინაზე მომუშავე მკვლევარები გეგმავენ, რომ ცდები სხვა ქვეყნებშიც ჩაატარონ, რადგან მათი განმარტებით, კორონავირუსის დონე დიდ ბრიტანეთში დაბალია, რაც ვაქცინის ეფექტიანობის შემოწმებას ართულებს. შესაბამისად, ცდა ჩატარდება შეერთებულ შტატებშიც, სადაც 30 000 ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას. ცდები ჩატარდება სამხრეთ აფრიკასა (2 000 ცდისპირი) და ბრაზილიაშიც (5 000 ცდისპირი). 

BBC-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ასევე ჩატარდეს ე.წ გამომწვევი ცდები, რომლის ფარგლებშიც, იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინას გაუკეთებენ, მიზანმიმართულად დააინფიცირებენ ახალი კორონავირუსით. თუმცა, აქ ეთიკური საკითხებიც წამოიჭრება, ვინაიდან ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექციის სამკურნალო წამალი არ არსებობს. 

დიდმა ბრიტანეთმა უკვე ამ ვაქცინის 100 მილიონი დოზა შეუკვეთა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა არ არის ერთადერთი, რომელიც ამ პერიოდში ტესტირებას გადის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები