გენდერული კვოტირება

თალაკვაძე ერთ ქალ კანდიდატზე: სირცხვილია შენიშვნა მათგან, ვინც კვოტებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის თავმჯომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება კრიტიკას იმის შესახებ, რომ 20 ივნისს ქართული ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია. 

"სირცხვილია, როდესაც ამაზე შენიშვნებს გამოთქვამენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს კვოტების შესახებ ინიციატივას პარლამენტში. ეს გავაკეთეთ ჩვენ, ისტორიაში პირველად ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც ქალთა და კაცთა მონაწილეობა პარლამენტში შედარებით თანაბრად არის უზრუნველყოფილი". – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში.

2 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, აუცილებელია, რომ პარტიას საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე მაინც განსხვავებული სქესის ჰყავდეს. გენდერული კვოტების მიღებას მხარს უჭერდნენ ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე ამ კომენტარში სწორედ მათ გულისხმობდა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპულ საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის 19 დეპუტატი ჰყავს და სავალდებულო გენდერული კვოტირების გარეშეც, მათგან ყოველი მეოთხე ისედაც ქალია. შესაბამისად, ახალი რეგულაცია პარტიისთვის არაფერს ცვლის. ამასთან, თბილისის საკრებულოში ევროპული საქართველოს სამი წევრიდან ერთი ქალია. ასევე, თბილისში დასახალებული მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატიდან ერთი ქალია. 

ეს იმ ფონზე, როდესაც დღეს კვოტების ინიციატორი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 30 მაჟორიტარ კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი იმიტომაა, რომ კანონი მაჟორიტარ კანდიდატებში გენდერულ კვოტირებას არ ითვალისწინებს

კომენტარები