საქართველო-აზერბაიჯანი

"სამწუხაროა, რომ ოფიციალურ თბილისს ჩვენს კომპეტენციაში ეჭვი შეაქვს" - Haqqin ფოტოებს აქვეყნებს

Haqqin

აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-მა სარედაქციო წერილში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

წერილში გამოცემა წერს, რომ მათთვის სამწუხაროდ, ოფიციალურმა თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა Haqqin-ის კომპეტენცია და გამოცემა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, Haqqin-ი აქვეყნებს დამატებით ინფორმაციასა და ფოტოსურათებს.


ფოტო: Haqqin
“რა კომენტარს გააკეთებს აზერბაიჯანის მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლაუნჩერების ფოტოებზე, რომლებიც სახმელეთო გზით რუსეთიდანაა მოწოდებული და საქართველოს ტეროტირიაზე იმყოფება, ლაუნჩერები, რომლებიც მოგვიანებთ სომხეთის საზღვარს გადაკვეთს?

გულწრფელად გვჯერა, რომ ამჯერად ფაქტები ქართველი დიპლომატებისთვის უდავო გახდება, რამეთუ საბრძოლო ტექნიკის განლაგება არ უნდა იწვევდეს ეჭვსა და კითხვებს ადამიანებში, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. რამდენიმე საათში ზუსტად ეს საბრძოლო ტექნიკა გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს და გაემართება აზერბაიჯანის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნისკენ.” – წერს Haqqin-ი.

21 ივლისს გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში გამოცემა უფრო დეტალურად წერს იმაზე, თუ როგორ მოხდა სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ნაღმტყორცნების მიწოდება. 

რედაქციის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, Haqqin-ი წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის მიწოდება განახორციელა ცნობილმა იარაღით მოვაჭრემ სლობოდან ტესიჩმა. ტესიჩზე ვრცელდება აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები და შეზღუდვები, რომელებსაც “მაგნეტსკის აქტი” ითვალისწინებს. სერბეთიდან საბრძოლო იარაღი კომპანიამ Vectura Trans D.O.O გამოაგზავნა, რომელზეც ასევე ვრცელდება მაგნეტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები. გზავნილის საბოლოო ადრესატი სომხეთის თავდაცვის სამინისტროა. შეიარაღება სერბეთის ქალაქიდან ნიშში გაიგზავნა და მისი გადატანა დსთ-ს წევრმა, ერთ-ერთი ქვეყნის ავიახაზებმა უზრუნველყო.

როგორც გამოცემა ამბობს, ობიექტურ მიზეზთა გამო, საქართველოს გავლით სომხეთში გაგზავნილ ყუმბარმტყორცნებზე მეტ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

“ჩვენ მხოლოდ იმის კონსტატაცია გვრჩება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა სომხეთისთვის განკუთვნილი შეიარაღების მიწოდება იმ პირების მიერ, რომლებიც აშშ-ს კონგრესის სანქციების ქვეშ იმყოფებიან".

Haqqin-ის რედაქცია იმედოვნებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნათელს მოჰფენს და კომენტარს გააკეთებს ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე”

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ “საქართველომ გზა გაუხსნა სერბეთს, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთს, ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები მიაწოდა”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, Haqqin-ის 19 ივლისს გამოქვეყნებული სტატია დეზინფორმაციულია და უამრავ უზუსტობას შეიცავს.

Haqqin-ი აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაა. მას მკითხველები აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციის გასაგებად ეცნობიან.

გამოცემის დამფუძნებელი, ევნულა ფატულაევი 4 წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. ფატულაევი, რომელიც მანამდე მედიის თავისუფლებისთვის იბრძოდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2007 წელს, ტერორიზმის და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. 2011 წელს ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო დატოვა.

ფატულაევი პროსახელისუფლებო ჟურნალისტად იქცა. Amnesty International-მა, რომელიც წინა წლებში მის უფლებებს იცავდა, ფატულაევთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

რაც შეეხება შეიარაღებულ დაპირისპირებას სოხმეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - ის 12 ივლისს, ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა. აზერბაიჯანის მხარეს დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი და ერთი პოლკოვნიკი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპნენ ერთი მაიორი და ერთი კაპიტანი.

რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები