სამთავრობო პროპაგანდა

პროსახელისუფლებო FACEBOOK-გვერდი მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს

0 კომენტარი

პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური Facebook-გვერდი, სახელწოდებით "პოლიტიკური მოთვალთვალე" მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს. 

პოსტზე, რომელზეც ჟურნალისტები ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე და ეკა კვესიტაძე არიან გამოსახულები, გვერდი აღწერაში წერს: 

"ღმერთმა არ ქნას, თუმცა, თუ რამე უბედური შემთხვევა მოხდება, თუ რამე ტრაგედია დატრიალდება, თუ ვინმე არჩევნებამდე რამე პროვოკაციას მოაწყობს – ოპოზიცია ყველაფერს "ქართულ ოცნებას" დააბრალებს. ოპოზიციონერების ანარქიული თავაშვებულობა და მათი "მორალური კლიმატი" კატასტროფულ მაჩვენებელზეა და ისინი ნებისმიერი ხერხით ეცდებიან "ოცნების" რეიტინგის დაზიანებას. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, სიმართლე დავუპირისპიროთ იმ ტყუილებს, რომელსაც ოპოზიცია არჩევნებამდე გაავრცელებს. ისინი პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, ამიტომ, სხვა გზა აღარ
რჩებათ !!!"

პროსახელისუფლებო გვერდის მიერ არჩევნებამდე 3 თვით ადრე გამოქვეყნებული ასეთი შინაარსის პოსტი მუქარის ძლიერ აღქმას აჩენს. გასათვალისწინებელია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციური ლიდერი, გივი თარგამაძე ქალაქის ცენტრში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს

მაშინ ქართული ოცნების ლიდერები თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და მაშინ პარტიის ლიდერის აფეთქების დაკვეთა ოდესიდან, მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას თბილისში დაქირავებული მკვლელი გამოუგზავნა

გაბუნიას საქმეზე ცოტა რამაა ცნობილი. თუმცა, შეგვიძლია არსებული, საჯაროდ ცნობილი ფაქტებით ვივარაუდოთ, რომ უკრაინის საიდუმლო სამსახურების შეტყობინების გარეშე გაბუნიას მკვლელობა შესაძლებელია, თავიდან ვერ აერიდებინათ. 

საქართველოს ხელისუფლება "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში არ გამოირჩევა რუსული პროვოკაციებისადმი ეფექტური პრევენციული თუ საპასუხო მოქმედებებით. გასათვალისწინებელია, რომ, როდესაც ამ პროვოკაციებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ააშკარავებენ, საქართველოს ხელისუფლება ყველაზე მეტი, ერთჯერადი საჯარო დაგმობით შემოიფარგლება, სადაც მკაცრი ენაც კი დიდი დიპლომატიური სიფრთხილითაა შერჩეული, რომ კრემლი არ გაღიზიანდეს (მაგალითისთვის, იხილეთ საქართველოს ოფიციალური რეაქცია, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მიერ გამოვლენილ რუსულ მასობრივ ჰაკერულ თავდასხმაზე ქართული საიტების წინააღმდეგ 2019 წლის შემოდგომაზე).

ამ ფონზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად არ გამორიცხავენ რუსეთის აქტიურ ჩარევას საქართველოს არჩევნებში. რუსეთის პროვოკაციული ჩარევების ამგვარი რაციონალური შიშების გათვალისწინებით და იმაზე ყურადღების გამახვილებითაც, რომ კრიტიკული ჟურნალისტების სიცოცხლის მოსპობა კრემლის ხელწერაა, განსაკუთრებით სახიფათოდ ჟღერს, ერთდროულად პროსახელისუფლებო და კრემლისტური პროპაგანდის გვერდების მიერ მსგავსად შეფუთული მუქარის შემცველი გზავნილების გამოქვეყნება.    

"პოლიტიკური მოთვალთვალე" 2020 წლის 13 იანვარს შეიქმნა, Facebook-ის მიერ ქართულ ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის წაშლიდან, დაახლოებით, 3 კვირაში. გვერდი როგორღაც გადაურჩა Facebook-ის მიერ წაშლილ მეორე ქსელს, რომლის უკანაც სოციალური ქსელის გიგანტმა ქართული ოცნების PR-მენეჯერის, კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონა დაასახელა. 

გვერდს პლატფორმაზე wix.com საკუთარი საიტიც აქვს შექმნილი, სადაც ოპოზიციური ლიდერების ძველი ვიდეოები იტვირთება. გვერდი, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების, მედიებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაშარჟებითა, თუ ლანძღვითაა დაკავებული, მაგალითად, ის აშარჟებს თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას, განურჩევლად რეიტინგისა. ამასთან, ცდილობს, რომ ოპოზიციური მედიების გაშარჟებით ნიველირება გაუკეთოს იმ პრობლემებს, რაც არის ამა თუ იმ სფეროში. 

მთავრობის ქებაზე გვერდი ძალიან ცოტა დროს ხარჯავს, თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კი გვერდისთვის მთავარი ფოკუსი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაა. მის შესახებ გვერდი ყველაზე მეტს წერს სახელისუფლებო გუნდიდან. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები