კორონავირუსი საქართველოში

"არ იცავდნენ დისტანციას" - შრომის ინსპექცია განმარტავს, რატომ დააჯარიმა "მზესუმზირა"

შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექცია ამბობს, რომ ფესტივალი მზესუმზირა სამართლიანად დაჯარიმდა, ხოლო მათ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 17 ივლისის ღონისძიებაზე ყველა რეკომენდაცია დაცული ჰქონდათ, დეზინფორმაციაა.

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ინსპექცია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ, ბიზნესობიექტების ნაწილი ასევე დააჯარიმეს 10 000 ლარით, მათმა უმეტესობამ სრულად გაიზიარა გამოვლენილი დარღვევების სერიოზულობა და დაიწყო ხარვეზების აღმოფხვრა.

თუმცა, გამოიკვეთა რიგი ობიექტები, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ დარღვევები აღმოეფხვრათ, მიზანმიმართულად გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაჯარიმდნენ და მათ ობიექტზე დარღვევას სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

შრომის ინსპექცია ამბობს, რომ "ობიექტების ხელმძღვანელების გულგრილობის გამო გამოვლენილ დარღვევებს და ამის ამსახველ ფოტოებს ასაჯაროებს". 

  • ობიექტზე არ კონტროლდებოდა შესაბამისი დისტანცის დაცვა;
  • მომხმარებლები არ იყვნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ობიექტი სარგებლობდა ბარის მომსახურებით, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მომხმარებლის თავშეყრას ჰქონდა ადგილი;
  • ტერიტორიაზე განთავსებული არ იყო ჰიგიენური ნარჩენებისთვის გამოყოფილი თავდახურული კონტეინერები;
  • ობიექტების ხელმძღვანელობამ ვერ წარადგინა დეზინფექციის ჩატარების პროცედურები;
  • დასაქმებულები სრულად არ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
  • არ დადასტურდა დასაქმებულ პირთათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • სველ წერტილებში და საერთო მოხმარების სივრცეებში არ ტარდებოდა პერიოდული სადეზინფექციო სამუშაოები;
  • ობიექტებმა ვერ წარადგინეს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პირთა შესაბამისი ეკიპირება და ა.შ.

დღეს, 23 ივლისს კომუნა მზესუმზირამ, რომელიც ამავე სახელწოდების ფესტივალს უწევს ორგანიზებას, ხვალინდელი ღონისძიების გაუქმების შესახებ განაცხადა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 17 ივლისს დაცული ჰქონდათ ყველა რეკომენდაცია, ისინი მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით.

ტაბულამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, რა პრინციპით ხელმძღვანელობს ხელისუფლება ობიექტების დაჯარიმების დროს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის დენროლოგიურ პარკის შესვლის მსურველები ასევე არ იცავენ დისტანციას. შრომის ინსპექციის განცხადებაში ამ კითხვაზე პასუხი არ არის.

კომენტარები