არჩევნები 2020

პომპეომ გახარია ოქტომბრის არჩევნებში თანაბარი თამაშის წესებზე გააფრთხილა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და პრემიერმინისტრმა გახარიამ მიმოიხილეს საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი ახლო კოორდინაცია Covid-19-თან ბრძოლისას.

სახელწიფო მდივანმა პომპეომ ასევე ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. მან შეაქო კონსტიტუციური ცვლილებებით მიღებული ნაწილობრივი პროპორციული საარჩევნო სისტემა და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების აუცილებლად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა [პრემიერმინისტრს] გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის და მან [გახარია] სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის უდრეკი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაეთანხმა პრემიერმინისტრს, რომ რუსეთმა უნდა შეაჩეროს მისი დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები." - წერია განცხადებაში.

25 ივლისს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 244 ხმით 189-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების შესახებ.

სწორედ ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რომ, შესაძლოა, აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარების 15% შეუჩეროს.

როგორც დოკუმენტისთვის თანდართული შესწორებით ირკვევა, აშშ-ს "სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონის და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით".

შემდგომში სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება, მოაკლებს თუ არა აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები