ახალი ზელანდია - ჩინეთი

ახალმა ზელანდიამ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმება გაწყვიტა

DS

ჰონგ-კონგში ეროვნული უშიშროების კანონის ამოქმედების შემდეგ ავსტრალიის, კანადის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმება ახალმა ზელანდიამაც გაწყვიტა. 

"ახალი ზელანდია ვეღარ ენდობა ჰონგ-კონგს, რომ მისი სისხლის სამართლის სისტემა საკმარისად დამოუკიდებელი იქნება ჩინეთისგან," - განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პიტერსმა

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი მომავალში აჩვენებს, რომ "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" მოდელს იცავს, ახალმა ზელანდიამ, შესაძლოა, გადაწყვეტილებას გადახედოს. 

ამას გარდა, ახალი ზელანდია სამხედრო აღჭურვილობის, ტექნოლოგიის ექსპორტის საკითხს იმავე პრინციპით მიუდგება, რა პრინციპითაც ეს ჩინეთთან მოქმედებს.

ჰონგ-კონგის ახალი კანონის გამო ახალმა ზელანდიამ მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში მოგზაურობაზე გაფრთხილება გამოსცა. 

ჩინეთი ახალი ზელანდიის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და შეშფოთებას გამოთქვამს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენპინმა, თქვა, რომ ჩინეთი საპასუხო ნაბიჯის გადადგმის უფლებას იტოვებს. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ახალი ზელანდიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - წლიური სავაჭრო ბრუნვა 21 მილიარდი აშშ დოლარია.

მაისში ახალმა ზელანდიამ ტაივანის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრებში მონაწილეობას მხარი დაუჭირა, რასაც ჩინეთი ეწინააღმდეგება

ახალი უშიშროების კანონი ჰონგ-კონგში 30 ივნისს მიიღეს. ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერა შეუძლია. ჩინეთის მთავრობამ ქალაქში შექმნა ეროვნული უშიშროების ოფისებიც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს. კანონი საშუალებას აძლევს ჩინეთის უშიშროების ორგანოებმა საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ. მათ მიერ შერჩეულ უშიშროების საკითხებთან დაკავშირებულ საქმეებზე. ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ვრცლად ახალი უშიშროების კანონზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში - "ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი". 

კომენტარები