ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ჩინეთმა ეროვნული უშიშროების ახალი ოფისი გახსნა

0 კომენტარი
ფოტო: AP

ოთხშაბათს ჩინეთმა ჰონგ-კონგის კომერციულ უბანში, სასტუმრო Causeway Bay-ში ეროვნული უშიშროების ახალი ოფისი გახსნა. გახსნის ცერემონიას მთავრობის ლიდერი, კერი ლამი და ახალი ოფისის ხელმძღვანელად დანიშნული ჭენგ იანსიონგი ესწრებოდნენ. 

ოფისში კონტინეტური ჩინეთიდან მივლინებულ აგენტებს, პირველად ჰონგ-კონგის ისტორიაში, საშუალება ექნებათ, ახალი უშიშროების კანონის ფარგლებში გაწერილი სხვადასხვა დანაშაულისთვის აწარმოონ გამოძიება. აგენტებს დაპატიმრებულების ჩინეთში ექსტრადირების უფლება ექნებათ, სადაც მათ გაასამართლებთ სასამართლო, რომელსაც ჩინური კომუნისტური პარტია აკონტროლებს. სტატისტიკურად ჩინურ სასამართლოებს პროცესების თითქმის 100%-ში საბრალდებო განაჩენი გამოაქვს.

ჰონგ-კონგისა და პეკინის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ლოუ ხუიენინგის განცხადებით, უშიშროების ოფისი ჰონგ-კონგში უსაფრთხოების დესპანი და ეროვნული უშიშროების დარაჯი იქნება. 

უშიშროების ოფისის გახსნას უკვე მოჰყვა ახალი შეზღუდვები. ჰონგ-კონგის განათლების მინისტრ კევინ იეუნგის განცხადებით, სკოლებში აიკრძალებოდა სიმღერის “დიდება ჰონგ-კონგს” შესრულება. სიმღერა გასულ წელს ჰონგ-კონგში გამართული დემოკრატიის მომხრე დემონსტრაციების არაოფიციალური ჰიმნი გახდა. განათლების მინისტრის თქმით, სკოლებმა უნდა აკრძალოს იმ სიმღერების ნებისმიერი სახით შესრულება, რომლებიც სკოლებს ნორმალურ მუშაობაში უშლიან ხელს, ემოციურად მოქმედებენ მოსწავლეებზე და შეიცავენ პოლიტიკურ გზავნილებს.

ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისის გახსნა და ახალი შეზღუდვები დაკავშირებულია ჰონგ-კონგის ახალი უშიშროების კანონის მიღებასთან.

კანონი მნიშვნელოვნად ზღუდავს ჰონგ-კონგის ავტონომიურობას, თუმცა ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები