ჩინეთი

ჰონგ-კონგის ლიდერი: პეკინი ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონზე უკან არ დაიხევს

კერი ლამი და სი ძინფინგი
Yahoo

ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის, განცხადებით, პეკინის ცენტრალური მთავრობა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტის გეგმებზე უკან არ დაიხევს.

კერი ლამმა ეს განცხადება პეკინში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების კანონს განიხილავენ.

მას თან ახლავს ჰონგ-კონგის იუსტიციის მდივანი, ტერეზა ჩენგი, უსაფრთხოების მდივანი, ჯონ ლი და პოლიციის უფროსი კრის თანგი.

კერი ლამის გადადგომას ჰონგ-კონგელები წელიწადზე მეტია, ექსტრადიციის კანონპროეტის გაწვევის მიუხედავად ითხოვენ.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში. ქალაქს პეკინის მომხრე უმრავლესობა მართავს.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

ამ ყველაფრით კი, ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება უკვე დააანონსა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აამოქმედებს, გაერთიანებული სამეფო მზადაა, ჰონგ-კონგელების სასარგებლოდ ქვეყნის ემიგრაციის წესები შეცვალოს. ჯონსონი ჩინეთის ნაბიჯს ერთობლივი დეკლარაციის ვალდებულებების შეუსრულებლობლად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ტაივანმა ჰონგ-კონგელებს, რომლებიც პოლიტიკურ მიზეზთა გამო ტაივანში წავლენ, დახმარება აღუთქვა, რაც ტაივანში ცხოვრებას და დასაქმებასაც მოიცავს.

კომენტარები