არჩევნები 2020

ბოკერია: ენმ-ს მაჟორიტარების განაწილების ორი ვარიანტი შევთავაზეთ, 11/8-ზე და 8/4-ზე

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა. მან საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს წინადადება ძალაში კიდევ რამდენიმე დღე იქნება, რადგან "დრო ძალიან ცოტაა". 

გიგა ბოკერიას ცნობით, პირველი, ფართო ვარიანტი - 11/8-ზე, ითვალისწინებს იმას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს დააყენებდა ყველა დიდ ქალაქში - თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა. ამ ოლქებში ენმ-ის კანდიდატებს მხარს თბილისის მაჟორიტარების შეთანხმების მონაწილე ყველა პარტია დაუჭერდა. 

"ხოლო ნაციონალური მოძრაობა დაუჭერდა მხარს დანარჩენი პარტიების მხრიდან შეჯერებულ კანდიდატებს შემდეგ ოლქებში - თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ქედა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა. ანუ 11/8-ზე". – თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ასეთი, ფართო ვარიანტი უფრო უკეთესია, მაგრამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მეორე, უფრო ვიწრო შეთანხმებასაც სთავაზობდა.

"თუ ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა რომელიმე მოთამაშის ან ენმ-ის პოზიციის გამო, ვთავაზობდით უფრო ვიწრო შეთანხმებასაც ჩვენ შორის. უფრო მარტივს. აქაც, ყველა დიდ ქალაქში ვუთმობდით კანდიდატს - ქუთაისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე... რვა ოლქს ვუთმობდით ჩვენ და ვითხოვდით მხარდაჭერას მხოლოდ ოთხ ოლქში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს - ეს არის ზემო აჭარა, ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე - ხონში.

უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მხოლოდ სადღეგრძელოს კი არ ვთავაზობთ, კონკრეტული, ძალიან მოქნილი შეთავაზებები გვქონდა". – თქვა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველო იყო ერთერთი მთავარი ინიციატორი მაჟორიტარებზე ოპოზიციის კოორდინაციის. 

გიგა ბოკერიას თქმით, თუ შეთანხმების არც ერთი ვარიანტი არ შედგება, ევროპულ საქართველოს აქვს კონსულტაციები დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან, რომ "ჩვენ შევჯერდეთ". 

"არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, რომ ისევ იგივე კარტის გათამაშება სცადოს, რაც მან გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რითაც მან გამოთიშა საპროტესტო ელექტორატის ნაწილი თამაშიდან... ყველა ვარიანტში გვირჩევნია, ძლიერი კანდიდატები იყვნენ იმ ოლქებში, სადაც შანსია, რომ პირველ ტურში მოხდეს ოპოზიციის გამარჯვება, როგორც ეს მოხდება თბილისის შეთანხმებულ ოლქებში" - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს. ამიტომ, ევროპულმა საქართველომ მოუწოდა კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, "გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში". პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნაა - "ოპოზიცია შეჯერდეს მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველგან".

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, "ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი – არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არც იმის წინა არჩევნებში ჰქონდათ".

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები