არჩევნები 2020

სააკაშვილი მაჟორიტარებზე: ენმ-მ უნდა უნდა მოიგოს ერთპიროვნულად ეს არჩევნები, ასეც იქნება

"ახლა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა იკისროს ის, რაც უნდა გაეკეთებინა საერთო სიას, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მოიგოს ერთპიროვნულად ეს არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება" - ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონებში მაჟორიტარების გაყოფაზე უარს მთავარი არხის ეთერში იმით ხსნის, რომ "ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ნაციონალურ მოძრაობასთან". სააკაშვილმა იქვე აღნიშნა, რომ თავდაპირველად სწორედ მისი აზრი იყო ყველა "ნამდვილი ოპოზიციური ძალის" გაერთიანება და ერთიანი საპარლამენტო სიის შედგენა.

"ამაზე უარი იყო ძალიან ცუდი", - ამბობს სააკაშვილი და თბილისის მაჟორიტარების საკითხზე შეთანხმებას დადებით ფაქტად მიიჩნევს, რადგან დედაქალაქში "ცოტა უფრო სპეციფიკური" სიტუაციაა.

"თუმცა დარწმუნებული ვარ, თბილისშიც ნაციონალური მოძრაობა ყველას მოიგებს, მაგრამ ახლა ნაციონალური მოძრაობა მოიგებს ყველგან მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში, ამაში ვარ დარწმუნებული. ისეთი სერიოზული ხალხი მოდის ჩვეთან მაჟორიტარებად, ადრე გამოხედვაც რომ არ უნდოდათ ჩვენკენ. რა თქმა უნდა, ყურადღებით შევარჩევთ, რომ არ შემოგვეპაროს ცუდი რეპუტაციის ხალხი, მაგრამ მოდის ძალიან საინტერესო ფიგურები, დიდი სიმბოლური მნიშვნელობის, და ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ ნაციონალურ მოძრაობასთან.

რა თქმა უნდა, მე ამაში ვარ აქტიურად ჩართული, რა თქმა უნდა, ჩართული ვარ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, მე არ ჩავერთვებოდი, რომ არ მჯეროდეს და მწამდეს ბოლომდე გამარჯვების, მე, რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს", - თქვა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

ოპოზიციამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული წინადადება შესთავაზა. ევროპული საქართველოს ცნობით, პირველი, ფართო ვარიანტი - 11/8-ზე, ითვალისწინებდა იმას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს დააყენებდა ყველა დიდ ქალაქში: თელავში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, ფოთში ან მარტვილში, ბოლნისში, გორში, ქობულეთში, ჭიათურაში. ამ ოლქებში ენმ-ის კანდიდატებს მხარს თბილისის მაჟორიტარების შეთანხმების მონაწილე ყველა პარტია დაუჭერდა. სანაცვლოდ ენმ-ს მხარი უნდა დაეჭირა დანარჩენი პარტიების შეჯერებული კანდიდატებისთვის შემდეგ ოლქებში:  თერჯოლაში, სამტრედიაში, ხელვაჩაურში, ქედაში, ფოთში ან მარტვილში, ხაშურში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, რაჭაში.

მეორე ვარიანტი კი მხოლოდ ენმ-ს და ევროპულ საქართველოს შორის შეთანხმებას ითვალისწინებდა.

"აქაც, ყველა დიდ ქალაქში ვუთმობდით კანდიდატს - ქუთაისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე... რვა ოლქს ვუთმობდით ჩვენ და ვითხოვდით მხარდაჭერას მხოლოდ ოთხ ოლქში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს - ეს არის ზემო აჭარა - ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე ხონში", - თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს.  ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება.

კომენტარები