არჩევნები 2020

ბოკერია ელისაშვილზე: "სქემების" ნაწილი იყო, რომ ერთადერთი კანდიდატი ყოფილიყო საბურთალოზე

ტაბულა

"რაღაცებზე რომ ბოდავდა, სქემებიო, ამ ჩემი და სხვების სქემების ნაწილი იყო, რომ ერთადერთი კანდიდატი ყოფილიყო საბურთალოზე" - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ფოთის, სენაკის და ხობის მაჟორიტარი კანდიდატი გიგა ბოკერია ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას. პარტია მოქალაქეების საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი ვაშაძე და ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობა, მათ შორის გიგა ბოკერია, "ვანო ჩხარტიშვილის პროექტის" შესრულებაში დაადანაშაულა.

მთავარი არხის ეთერში ეკა კვესიტაძემ გიგა ბოკერიას ჰკითხა, რატომ არ ჩაატარეს გამოკითხვა კანდიდატებს შორის, რასაც ალეკო ელისაშვილი ითხოვდა.

"ვის და ვის შორის გამოკითხვები? ნაციონალური მოძრაობის ან ევროპული საქართველოს კანდიდატი რომ გაუსწრებდა საბურთალოზე, დათანხმდებოდა? ვის უნდა ჩაეტარებინა ეს გამოკითხვა, ამდენი სისულელე ხომ არ შეიძლება" - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერმა "მოსყიდვასა" და "გაყიდულობაზე" ალეკო ელისაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები, მათ შორის გიორგი ვაშაძის მიმართ, "პუტინური რუსეთის და ივანიშვილის კლიმატად" შეაფასა.

"არ შეიძლება [ტალახის სროლა], თუნდაც არსებით საკითხზე რომ ვერ შეთანხმდები, შეიძლება, მწვავედ შეაფასო ოპონენტი... მე ოცნებასთან დაკავშირებითაც კი ამ სტანდარტის მომხრე ვარ, ივანიშვილთან მიმართებითაც. სიმართლეა იმდენი, რომ არავითარი იარლიყები და შეთქმულების თეორიები არ შეიძლება, ეგრე ნებისმიერ რამეს დააბრალებ, ეს არის კლიმატი, რომელიც ნორმალურ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის" - აღნიშნა ბოკერიამ.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობა ალეკო ელისაშვილმა ივნისის დასაწყისში, საერთო მაჟორიტარებზე მსჯელობის დროს დატოვა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად მოქალაქეები დააფუძნა. 

ამის შემდეგ ელისაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს და, განსაკუთრებით, ევროპულ საქართველოს აქტიურად შეუტია, რის შემდეგაც, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ელისაშვილი თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქიდან ორ ადგილს ითხოვდა. ოპოზიციური პარტიების თქმით, სწორედ ამიტომ დატოვა ალეკო ელისაშვილმა ერთობა. რამდენიმე კვირის შემდეგ ელისაშვილმა დაადასტურა, რომ კანდიდატს ორ ოლქში ითხოვდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციური ერთობა დატოვა და სტრატეგია აღმაშენებელი დააფუძნა გიორგი ვაშაძემაც, რომელიც ისნის ოლქში ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების ერთიანი კანდიდატია.

კომენტარები