თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის დედა: ახლა რაღაც მასალები მაჩვენეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავი

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება / Screengrab

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ ბოცვაძეს შეხვდნენ.

"ყოველ შემთხვევაში, ახლა რაღაც მასალები მაჩვენეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავი". – ამბობს შეხვედრის დასასრულს, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, ჟურნალისტებთან საუბარში.

თამაზაშვილის თქმით, უწყებაში ვერ უთხრეს ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩაერთვება საქმეში ფედერალური ბიურო (FBI).

"გავეცანი დაკითხვის ოქმებს, წავიკითხე, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. კამერების ჩანაწერების ამოღებას და ყველა კამერის გაშიფვრას დრო უნდაო, რა ტერიტორიებზეც მოძრაობდა. ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან. დრონის კადრები არსებობს, უბრალოდ, ამ ეტაპზე, ვერ იქნა ნანახი". – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ გუშინ, 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები