კორონავირუსი საქართველოში

ქართველი ბიზნესვიზიტორები ფასიანი PCR ტესტებით ვერ ისარგებლებენ და კარანტინის გავლა მოუწევთ

ჯანდაცვის სამინისტრო

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორს ორი არჩევანი აქვს - მან სავალდებულო კარანტინი ფასიან საკარანტინო სივრცეში უნდა გაიაროს ან 14 დღის განმავლობაში ყოველ მე-3 დღეს PCR ტესტი საკუთარი ხარჯით უნდა გაიკეთოს, თუმცა, როგორც ტაბულას მთავრობის ცხელ ხაზზე უთხრეს, ქართველი ბიზნესვიზიტორები მსგავსი პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, ორკვირიანი, სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ კორონავირუსის გამო დაწესებული სავალდებულო კარანტინი არ გაიარა და ეს გარემოება იმით ახსნა, რომ ის 14 დღის განმავლობაში ყოველდღე PCR ტესტს გაიკეთებდა. 

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები