კანადა - საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის პრინცს დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებენ

საად ალ-ჯაბრი
The Wall Street Journal

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მოჰამედ ბინ სალმანს კანადაში დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, საად ალ-ჯაბრის მოსაკლავად რაზმის გაგზავნაში სდებენ ბრალს. 

საად ალ-ჯაბრის მოსაკლავად გაგზავნილმა რაზმმა კანადის მესაზღვრეებს ეჭვები გაუჩინა და მათი გამოკითხვის შემდეგ, ისინი ქვეყანაში არ შეუშვეს. 

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, თავდასხმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან ცოტა ხანში იგეგმებოდა. ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები და ალ ჯაბრის მოსაკლავად გაგზავნილები ერთი და იმავე “ვეფხვის რაზმის” წევრები იყვნენ.

2 ოქტომბერს ჟურნალისტი და მწერალი, ჯამალ ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ, მათ მიერ მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს და მისი სხეული დაანაწევრეს.

61 წლის საად ალ-ჯაბრი სამი წლის წინ გაიქცა საუდის არაბეთიდან. ტორონტოში ის კერძო დაცვის ქვეშ იმყოფება. წლების მანძილზე კი საუდის არაბეთთან დაკავშირებულ საკითხებში სხვადასხვა დასავლური სადაზვერვო სააგენტოებისთვის პირველი საკონტაქტო პირი იყო,

ალ-ჯაბრის ვარაუდით, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს მისი მოშორება სურს, ვინაიდან, ის, ტახტის მემკვიდრეზე მაკომპრომატირებელ ინფორმაციას ფლობს. 

საად ალ-ჯაბრი აცხადებს, რომ პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა არაერთხელ სცადა ალ-ჯაბრი საუდის არაბეთში დაებრუნებინა, ხოლო ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან ორ კვირაში “ვეფხვის რაზმის” წევრები მის მოსაკლავად გააგზავნა.

წლების მანძილზე საად ალ-ჯაბრი, ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ ნაიფის მარჯვენა ხელი იყო. თუმცა, ყველაფერი 2015 წელს შეიცვალა, როდესაც მეფე აბდულა გარდაიცვალა და საუდის არაბეთის ახალი მეფე სალმანი გახდა. 2017 წელს მეფე სალმანის შვილმა, მოჰამედ ბინ სალმანმა სასახლეში გადატრიალება მოაწყო და თავად გახდა ტახტის მემკვიდრე. მოჰამედ ბინ ნაიფი დააპატიმრეს, ანგარიშები გაუყინეს და მისი ერთგული ადამიანები თანამდებობიდან გადააყენეს. სწორედ ამ დროს დატოვა ქვეყანა საად ალ-ჯაბრიმ და კანადაში გაიქცა.

კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფედერალური მინისტრის, ბილ ბლეარის განცხადებით, მთავრობა ფლობდა ინფორმაციას უცხოელი აქტორების მცდელობებზე ეთვალთვალათ ან დაეშინებინათ კანადელები, ან კანადაში მცხოვრები ადამიანები.

“სრულიად მიუღებელია და ჩვენ არასოდეს მოვითმენთ უცხოელი აქტორების მხრიდან კანადის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან ჩვენი მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის საფრთხის შექმნას. კანადელებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენს უშიშროების სააგენტოებს აქვთ საჭირო უნარები და რესურსები აღმოაჩინონ, გამოიძიონ და უპასუხონ მსგავს საფრთხეებს”. – განაცხადა მინისტრმა ბილ ბლეარმა.

საუდის არაბეთის მთავრობას ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები