აშშ-ს 2020 წლის არჩევნები

აშშ-ს კონტრდაზვერვა აშშ-ს არჩევნებში რუსეთის, ჩინეთის, ირანის ჩარევის მცდელობაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების კონტრდაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება.

აშშ-ს ეროვნული კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, უილიამ ევანინა ამბობს, რომ სამი ქვეყანა, კერძოდ, რუსეთი, ჩინეთი და ირანი იყენებს ონლაინ დეზინფორმაციას და სხვა საშუალებებს, რათა ამერიკელ ამომრჩეველზე გავლენა მოახდინონ, არეულობა შექმნან და ძირი გამოუთხარონ ამერიკელი ამომრჩევლის ნდობას დემოკრატიული პროცესისადმი.

მან აღნიშნა, რომ უცხოელმა მეტოქეებმა, შესაძლოა, აშშ-ს საარჩევნო სისტემაში ჩარევა სცადონ საარჩევნო პროცესისადმი საბოტაჟის გამოცხადებით, საარჩევნო მონაცემების მოპარვით ან არჩევნების შედეგების ვალიდურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. 

ევანინას განცხადებით, კრემლთან დაკავშირებული აქტორები ცდილობენ, "გააძლიერონ პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატურა სოციალური მედიით და რუსული ტელევიზიით". მისივე თქმით, მაგალითად, ანდრი დერკაჩი, პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსი, ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჯო ბაიდენის კამპანიას და დემოკრატიულ პარტიას. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს ურჩევნია, ტრამპმა ხელახლა არ მოიგოს არჩევნები, რადგან პეკინი მას ზედმეტად არაპროგნოზირებადად თვლის. ევანინა ამბობს, რომ ჩინეთი აფართოებს მის ძალისხმევას, რათა არჩევნების წინ ამერიკის პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს, ზეწოლა განახორციელოს ამერიკელ პოლიტიკოსებზე.

კონტრდაზვერვის უფროსის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ირანი ისეთ ონლაინ ტაქტიკებს მიმართავს, როგორიცაა დეზინფორმაციის გავრცელება რათა აშშ-ს ინსტიტუტებისა და პრეზიდენტ ტრამპის დისკრედიტაცია მოახდინოს და ამერიკელ ამომრჩეველში უკმაყოფილება გააღვივოს. 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ როგორ უპასუხებს ნოემბერში არჩევნებში ჩარევის მცდელობას, რაზეც მან უპასუხა - "ჩვენ ყველა მათგანს თვალს მივადევნებთ, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ".

მისივე თქმით, სჯერა, რომ რუსეთს, ჩინეთს და ირანს სურთ, რომ არჩევნებში წააგოს. ტრამპმა აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის უდიდესი რისკი ფოსტით ხმის მიცემაა.

სენატის სადაზვერვო კომიტეტის ლიდერებმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ და დემოკრატმა მარკ ვერნემრა ევანინას მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ "ყველა ამერიკელის ძალისხმევაა საჭირო, რათა თავიდან აირიდონ საგარეო აქტორების მიერ არჩევნებში ჩარევა, [აშშ-ს] პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა და დემოკრატიულ ინსტიტუტების ნდობისთვის ძირის გამოთხრა".

კომენტარები