არჩევნები 2020

ბოკერია: ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მხარს ზურაბ ჯაფარიძეს დავუჭერთ

ტაბულა

"ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძის მაჟორიტარ კანდიდატობას, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. 

ბოკერიას თქმით, მისი გუნდი - ევროპული საქართველო მხარს ჯაფარიძეს დაუჭერს. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ შეთანხმების მონაწილე სხვა პარტიები ჯაფარიძეს საყოველთაო მხარდაჭერას გამოუცხადებენ. 

"პირადად მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი - ევროპული საქართველო მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს რომ ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, ვინც ამ შეთანხმების მონაწილეა დასრულდება, ასევე, საყოველთაო  მხარდაჭერით ზურაბ ჯაფარიძის და სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკის და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება, ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება". – ამბობს ბოკერია. 

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატობაზე ზურაბ ჯაფარიძემ დღეს დაწერა. მისი თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც, დაუდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ამ გადაწყვეტილების მიმართ. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ეს კეთილგანწყობა "გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან".

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება.

კომენტარები