ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

პროტესტის მეორე ღამე ბელარუსში, დაიღუპა ერთი ადამიანი [ფოტოები]

0 კომენტარი

არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტი ბელარუსში გრძელდება. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დემონსტრანტები და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის მონაწილეებმა მინსკში ბარიკადების აგება სცადეს. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად კვლავ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

აქციების მეორე ღამეს დაიღუპა ერთი დემონსტრანტი. ბელარუსის შსს-ს განცხადებით, მას ხელში “დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა” აუფეთქდა.

გაიზარდა დაკავებულთა და დაშავებულთა რიცხვი, ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. ის ამჟამად ლიტვაში იმყოფება. ქვეყნის დატოვებამდე ის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში მივიდა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივრის შესატანად.

პროტესტის პირველი ღამის შემდეგ ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, აქციების დროს დაშავდა პოლიციის 39 თანამშრომელი და 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი. პროტესტის დროს დააკავეს 3000-ზე მეტი ადამიანი, მათგან დაახლოებით 1000 მინსკში, დანარჩენები კი ბელარუსის ოცდაათამდე სხვა ქალაქში.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ და ევროკავშირი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაგმეს ძალადობა და ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები