ჯაფარიძის ანგარიშის დაყადაღება

ვოლსკი: ჯაფარიძე პოლიტიკურად უსუსურია, ამიტომ ანგარიშის დაყადაღებაზე სპეკულირებს

ტაბულა

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი, ამავე ოლქში მისი კონკურენტის, ზურა ჯაფარიძესთვის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.

მისი თქმით, გირჩის ლიდერი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ანგარიშების დაყადაღებას სპეკულაციისთვის იყენებს, რადგან პოლიტიკურ ასპექტებში უსუსურია.

"გია ვოლსკი რომ გავაკრიტიკეო, ზურა ჯაფარიძემ, ამიტომ დამიყადაღეს ანგარიშიო. თუ პოლიტიკური თვალსაზრისით შევხედავთ და გავაანალიზებთ, მე სულაც არ მაწყობს, რომ ზურა ჯაფარიძეს თუ ნებისმიერი ადამიანს სასპეკულაციოდ ეს თემა მიეცეს. თუ ჯარიმა გაქვს გადასახდელი უნდა გადაიხადო, ჯაფარიძე იქნები, ვოლსკი თუ გუგავა, კეთილი უნდა ინებო და გადაიხადო.

მე მაინც ვფიქრობ, რომ პროვოცირება უფროა, ვინაიდან არ იხდი გადასახადს, იცი რომ ადრე თუ გვიან შენ მოგიწევს დაყადაღება და რაღაც გარკვეული სანქციების მიღება და როდესაც უსუსური ხარ სხვა პოლიტიკურ ასპექტებში, რასაკვირველია, ეს თემა გექნება სასპეკულაციოდ." – თქვა მან.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურა ჯაფარიძეს, 10 აგვისტოს, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის დღესვე ანგარიშები დაუყადაღა. ჯაფარიძის თქმით, ანგარიშებს ყადაღა 2019 წლის ნოემბერში გამოწერილი ჯარიმის გამო დაედო, როდესაც ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

გირჩის ლიდერი ასევე ამბობს, რომ მას 2018 წელს გამოწერილი და გადაუხდელი ჯარიმაც აქვს, თუმცა სახელმწიფოს ეს ამ დრომდე არ გახსენებია.

დღეს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამავე თემაზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდება. 

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანგარიშები დაუყადაღა ლეიბორისტული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილსაც.

კომენტარები