IRI-ის კვლევა

IRI: 25% ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი მიღწევა "Covid19-თან ბრძოლაა", 15% - "არაფერი"

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, რომელიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლასა და ეკონომიკურ გამოწვევებს ეხება, მოსახლეობის 25% პასუხობს, რომ მოქმედი მთავრობის მთავარი მიღწევა "კორონავირუსთან ბრძოლაა". 

ამავე კითხვაზე მოსახლეობის 15% პასუხობს, რომ მთავრობის მთავარი მიღწევა "არაფერია". 7% ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 3% სიტყვის თავისუფლებას, 2-2% კი ინფრასტრუქტურას, დემოკრატიასა და სტაბილურობას. 

მოსახლეობის თითო-თითო პროცენტი ამბობს, რომ მთავრობის მთავარი მიღწევა განათლების რეფორმა, გზები, პენსიების ზრდა, უვიზო მიმოსვლა, ეკონომიკის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვაა. 6% სხვა მიღწევებს ასახელებს, კითხვაზე პასუხი კი 32% არ აქვს.

რაც შეეხება მოქმედი მთავრობის მთავარ ჩავარდნას, ყველაზე მეტი, 7% ამბობს, რომ მთავარი ჩავარდნა "ყალბი დაპირებებია". 36%-ს პასუხი არ აქვს. 

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით პირისპირ, სახლში მისვლით. კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები