კანდელაკი: თუ სოზარ სუბარს შეუძლია ტესტის ჩატარება, რა დააშავეს კარანტინში გადაყვანილებმა?

გიორგი კანდელაკი
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრს, გიორგი კანდელაკს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც მესტიაში მყოფი მოქალაქეები იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება გაუგებარი და უსამართლოა.

"თუკი სოზარ სუბარს შეუძლია გაიკეთოს ტესტი, რატომ არ შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, ვინც ასევე იმყოფებოდა მესტიაში, ან რატომ არ შეიძლება, რომ ამ მოქალაქეებს ჩაუტარდეთ რეგულარული ტესტები და მათ მიმართ იყოს იგივე მიდგომა, რაც ბიზნესვიზიტორების მიმართ, რომლებიც თავსდებიან 24-საათიან კარანტინში ტესტის პასუხამდე?" - ამბობს კანდელაკი.

დეპუტატის აზრით, ეს რეგულაცია იმდენად აბსურდულია, რომ მოქალაქეების მიერ ამ უსამართლობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი სარჩელების განხილვას სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს.

"მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე ცოტა ხნის წინ, როცა „გაუმწვანებელი“ ქვეყნიდან შემოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ ტესტი ჩაიტარა, ხოლო „გამწვანებული“, ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა მაინც დისკრიმინაციული კარანტინის გავლას აიძულებს." - თქვა კანდელაკმა.

სოზარ სუბარმა გუშინ, 12 აგვისტოს თქვა, რომ ტესტი გაიკეთა და პასუხს "გულის ფანცქალით" ელოდება.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები წესდება. 

ყველა პირს, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს.

რა შეზღუდვები წესდება მესტიაში სრულად ნახეთ აქ.

 

კომენტარები