სახალხო დამცველი

ომბუდსმენი პროკურატურას: არ გადასცეთ რუსეთს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მონაწილე უკრაინელი

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველმა 3 აგვისტოს გენერალურ პროკურორს მიმართა წინადადებით, არ მოხდეს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანის რუსეთში ექსტრადიცია. ვადიმ ალტმანის რუსეთში ექსტრადირების შესახებ შუამავლობა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის გენერალური პროკურორისგან 30 იანვარს მიიღო. 

რუსეთის პროკურატურის შუამდგომლობის მიხედვით, ვადიმ ალტმანს რამდენიმე დანაშაულში ედება ბრალი, მათ შორის კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და ნარკოტიკულ დანაშაულებებში. 

ომბუდსმენის ცნობით, ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. როგორც განცხადებაში წერია, დოკუმენტების მიხედვით, ალტმანი არის "ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის" წევრი. ალტმანი უკრაინელ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაშიც მონაწილეობდა და აქტიურად იყო ჩართული უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში. 

"საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით პროუკრაინულ განცხადებებს ავრცელებს. წინადადებაში მიმოხილული ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან". – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მისაღებად. ნინო ლომჯარია იმედსაც გამოთქვამს, რომ გენერალური პროკურატურა გარემოებებს გაითვალისწინებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას. 

იუსტიციის სამინისტრო რუსეთისთვის საქართველოში დაკავებული მოქალაქეების გადაცემის პრაქტიკით გამოირჩევა. მაგალითად, 2019 წლის ოქტომბერში იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას ექსტრადიციის ფარგლებში გადასცა ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი. უფრო მანამდე კი, 19 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს გადასცა ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი. 

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

კომენტარები