იაროსლავ სუმბაევი

წულუკიანი: სუმბაევს რუსეთს ამ წუთებში გადავცემთ, საქართველო არაა დამნაშავეების თავშესაფარი

BBC

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ IT სპეციალისტის, იარლოსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება ამ წუთებში, ლარსის გამშვებ პუნქტზე მიმდინარეობს.

"ის რამდენიმე წუთში გადაეცემა რუსულ მხარეს, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე,. რომელიც მე გამოვეცი 30 სექტემბერს, მანამდე, საქართველოს სასამართლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. დასანანია, რომ როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები, ატყუებდნენ მედიას და საზოგადოებას. მე მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი - სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობს ამ ექსტრადირების შეჩერებაზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი" - ამბობს წულუკიანი.

იაროსლავ სუმბაევს რუსეთი ბრალად მოსკოვის რეგიონის გამომძიებელს, ევგენია შიშკინას მკვლელობაში, ასევე, კიბერთაღლითობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში სდებს. 

იაროსლავ სუმბაევი თბილისში, გლდანის მე-8 საპყრობილეში იმყოფებოდა. საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი, რამდენიმე დღით, რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

იაროსლავ სუმბაევის ადვოკატის ივანე ნორაკიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საექსტრადიციო პატიმრობა 22 ოქტომბერს შეუფარდეს, ადვოკატი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების პროცედურის ამოწურვის შემდეგ შედის.

"ჩვენ გვაქვს 48-საათიანი ვადა, რომელიც 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე იწურება. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ სუმბაევი ამჟამად არ იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში და მისი გადაცემა უკანონობა იქნება. წარმოიდგინეთ, სააპელაციო სასამართლომ დავუშვათ, შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: თქვა, რომ მისი საექსტრადიციო პატიმრობა უკანონოა. რას ვაკეთებთ ასეთ დროს? რუსებს ვურეკავთ და სუმბაევს უკან ვაბრუნებთ? ამიტომ ვამბობთ, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო თავის ვერდიქტს არ გამოიტანს, ეს გადაცემა უკანონო იქნება“ - უთხრა ნორაკიძემ რადიო თავისუფლებას.

28 წლის IT სპეციალისტი რუსეთის ციხეში დიდი ალბათობით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. 

სუმბაევი არ არის პირველი პატიმარი, რომელსაც საქართველო რუსეთს გადასცემს. 19 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

კომენტარები