ევროკავშირი-ბელარუსი

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს

0 კომენტარი
ფოტო: bundeskanzlerin.de

14 აგვისტოს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ბელარუსში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს. შეხვედრის შემდეგ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი წერს, რომ ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე. 

ოფიციალურ განცხადებაში მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი:

"ევროკავშირს მიაჩნია, რომ შედეგები გაყალბდა და, ამგვარად, არ ცნობს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ არჩევნების შედეგებს".

მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაკისრების აუცილებლობაზე ძალადობაზე, რეპრესიასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის. ბელარუსისთვის არსებული სანქციების ჩარჩო ფორმატის ფარგლებში დამატებით ჩამონათვალზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება. 

ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეწყვიტონ არაპროპორციული და მიუღებელი ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე. ევროკავშირი ელის ყველა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას: 

"არაადამიანურ მოპყრობისა და დაკავების პირობების შესახებ შოკისმომგვრელი ცნობების ფონზე ევროკავშირი ელის სრულფასოვან და გამჭვირვალე გამოძიებას ყველა სავარაუდო ძალადობაზე, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ".

არსებულ რთულ პირობებში მინისტრები ჟურნალისტების, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეების, მუშაობას აფასებენ და გმობენ მათზე თავდასხმას და დაკავებებს.

მინისტრებმა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის სიგნალი გაუგზავნეს ბელარუს ხალხს, მათ მისწრაფებებს, განხორციელდეს დემოკრატიული ცვლილებები. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არყოფნის დროს დამკვირვებლების, გამშუქებლების საქმიანობა ბელარუსში გასული შაბათის არჩევნების ნამდვილი სურათის გამოვლენაში გადამწყვეტი იყო. 

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირი ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით შესთავაზებს ევროკავშირის დახმარებას, რათა მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას და საზოგადოებას შორის დიალოგი დაიწყოს.

მინისტრები ევროკავშირი-ბელარუსის ურთიერთობას აგვისტოს ბოლოს კიდევ განიხილავენ. ევროკავშირი განიხილავს, თუ როგორ გაზარდოს ბელარუსი ხალხისთვის მხარდაჭერა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი მედიისთვის. ბლოკი ასევე განიხილავს გაზრდილ შესაძლებლობებს სტუდენტებისა და აკადემიური მობილობისთვის.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო.

ბელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან. ქალაქ ჟოდინის იზოლატორთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გათავისუფლებულებს საკუთარი მანქანებით სახლში წაყვანა შესთავაზეს.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი წევრების ვიდეოები, რომლებიც პროტესტის ნიშნად თავიანთ ფორმებს ყრიან.

სამთავრობო არხების რამდენიმე ჟურნალისტმა სამუშაო ადგილები დატოვა.

ბელარუსი დემონსტრანტების მხარდამჭერი აქციები გამართა ლატვიასა და რუსეთში. მოსკოვში აქცია პოლიციამ დაშალა.

ბელარუსის შსს-ს განცხადებით, აქციები მართულია, მომიტინგეებს ფულს უხდიან და ამის უკან დაპატიმრებული ოპოზიციონერის ვიკტორ ბაბარიკოს შტაბი დგას, ლუკაშენკო კი ამბობს, რომ აქციებში კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ახლა უმუშევრები არიან.

აქციებზე 7000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აქტიურად იჭერენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს. ბელარუსში დააკავეს დაახლოებით 50 ჟურნალისტი. მინსკში თავს ესხმოდენ ჟურნალისტებს, მათ შორის იყვნენ BBC-ს და Associated Press-ის კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს, რომლებსაც ჰქონდათ აკრედიტაცია, უმტვრევდნენ კამერებს და ართმევდნენ მეხსიერების ბარათებს ფოტო- და ვიდეომასალით.

საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები