ყაზახეთი

ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი, რომელიც ოჯახს აკრიტიკებდა, ლონდონში გარდაიცვალა

აისულთან ნაზარბაევი და ნურსულთან ნაზარბაევი

16 აგვისტოს ლონდონში გარდაიცვალა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი, 29 წლის აისულთან ნაზარბაევი, რომელიც საკუთარ ოჯახს ხშირად აკრიტიკებდა და კორუფციაში ამხელდა. მისი გარდაცვალების მიზეზად ყაზახური მედია გულის გაჩერებას ასახელებს.

აისულთანის დედამ, ექს-პრეზიდენტის შვილმა, დარიგამ ნაზარბაევების ფონდის საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოჯახი აისულთანის გარდაცვალებამ დაამწუხრა და იმედოვნებენ, რომ საზოგადოება პატივისცემას გამოიჩენს ამ დანაკლისის გამო.

აისულთან ნაზარბაევმა დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი მიმდინარე წლის თებერვალში სთხოვა. მიზეზად მან ოჯახის მხრიდან ზეწოლა დაასახელა, რაც მის მიერ გაკეთებულ მამხილებელ განცხადებებს მოჰყვა.

მან თქვა, რომ დაპირისპირება ჰქონდა ბაბუასთან და დედასთან, დარიგა ნაზარბაევასთან, რომელიც ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი იყო.

აისულთანი წერდა, რომ ინფორმაციას ფლობდა რუსეთის მთავრობისა და ყაზახეთის კორუფციულ გარიგებაზე - "ვსაუბრობ, ჩვენგან, ყაზახებისგან მოპარულ მილიარდობით დოლარზე." ის საუბრობს ყაზახური გაზის რუსეთისთვის ძალიან იაფ ფასად მიყიდვაზე. აისულთანი მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების კორუფციულ საქმიანობებზეც ამახვილებდა ყურადღებას. მისივე თქმით, დედამისმა და მისმა ამჟამინდელმა ქმარმა ლონდონში დეტექტივები დაიქირავეს, რათა მასზე კომპრომატები მოეძიებინათ - "ნარკოტიკების გარდა არაფერი იყო".

ის წერს, რომ მოსკოვში მკურნალობდა, დაბრუნების შემდეგ კი დედა აშანტაჟებდა და სთხოვდა, Facebook-ზე არაფერი დაეწერა - "თუმცა, მე მიყვარს თავისუფლება და არაფერში გავცვლი ამას." როგორც აისულთანი წერდა, ის გარკვეული პერიოდით ციხეში გაუშვეს და ფსიქოტროპულ წამლებს აძლევდნენ. 

"მიკვირს, ეს ხალხი როგორ უნდა მართავდეს ქვეყანას, როდესაც ოჯახში წესრიგის დამყარება არ შეუძლიათ." – წერდა ის.

ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 28 წლის განმავლობაში მართავდა, მიმდინარე წელს პოსტი დატოვა, თუმცა კვლავ რჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და მმართველი პარტიის ლიდერად. პრეზიდენტის პოსტზე ის მის მიერვე შემცვლელად დატოვებულმა კანდიდატმა, კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა შეცვალა. მან ივნისში გამართულ არჩევნებში ხმათა 70%-ზე მეტი მიიღო და პრეზიდენტი გახდა. არჩევნების მიმდინარეობისას გამართულ აქციებზე ყაზახეთის პოლიციამ 500-მდე ადამიანი დააკავა.

კომენტარები