არჩევნები 2020

ჯაფარიძე: ვაპირებ დავამარცხო გია ვოლსკი, რომელიც ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სახეა

გირჩი

ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ ოლქშიც შეთანხმდნენ. დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, ხოლო საბურთალოს ოლქში გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი. 

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მე ვიქნები დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რაც ცხადია, მნიშვნელოვანი ამბავია და ვაპირებ, რომ დავამარცხო გია ვოლსკი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი სახეა ქართული ოცნების". – ამბობს ჯაფარიძე მთავარის ეთერში. 

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გირჩი ირაკლი ოქრუაშვილს საბურთალოს ოლქში მხარს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ყველგან სადაც ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწია, გირჩი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას. მისივე თქმით, ოქრუაშვილმა გირჩის ამომრჩევლების მხარდაჭერა თვითონ უნდა მოიპოვოს. 

"გირჩის ამომრჩეველი ცოტა სპეციფიური ამომრჩეველია და ეს იცის ყველა პარტიამ. ჩვენ მივცემთ ირაკლი ოქრუაშვილსაც იმის საშუალებას, რომ დაელაპარაკოს ჩვენს ამომრჩეველს. მან უნდა შეძლოს, დაარწმუნოს, გულწრფელად, გირჩის ამომრჩეველი იმაში, რომ ის იქნება იმ ხედვების მხარდამჭერი, რომლის გამტარებელი იქნება გირჩი, როცა მოვა პარლამენტში". – აღნიშნავს ჯაფარიძე.

ახლა ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი, რომელთა სიაც შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
  • გლდანი - ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო);
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები);
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

რაც შეეხება დანარჩენ 22 საარჩევნო ოლქს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებიდან გასვლა და 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ევროპულმა საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა და პარტიას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცა, თუმცა, უკუკავშირის არ არსებობის შემდეგ, ევროპულმა საქართველომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

   

კომენტარები