კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა საზღვრების გახსნის გადავადება

ქართული ოცნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ "საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა" ფრენების გახსნის 30 სექტემბრამდე გადავადება. 

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა. 

"ქვეყანაში მიმოსვლა გაზრდილია. რამდენიმე რეგულარული ფრენა აღდგენილია. ლუფტჰანზა დაფრინავს კვირაში ორჯერ, ეარფრანსიც კვირაში ორჯერ, ბალტიკი დაფრინავს. ამავე დროს, საქართველოს ავიახაზები დაფრინავენ გარკვეული პერიოდულობით". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, მთელ ევროპაში ფრენის მობილობა, დაახლოებით, 60-70%-ითაა შემცირებული და ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს ჯერაც არ აღუდგენია რეგულარული ფრენები, რომელიც დაპირებისამებრ, 1 ივლისს უნდა აღდგენილიყო. 

"ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და ეს სწორედ იმ ღონისძიებების შედეგია, რაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში განახორციელა. მათ შორის ერთერთი სწორედ ფრენების მაქსიმალური შემცირებაა. მესმის, ეს შესაძლებელია გარკვეული დისკომფორტია ადამიანებისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის..." – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საავიაციო სააგენტომ ახალი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა, საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1 აგვისტომდე, შემდეგ 1 სექტემბრამდე, ხოლო ახლა -  კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

"საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით". – წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic ჯერჯერობით, კვირაში მხოლოდ ერთხელ დაფრინავს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ 28 ივლისს თქვა, რომ მისი პროგნოზით, "საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას".

კომენტარები