ტურიზმი

როგორ მოიპარა მთავრობამ ჩემი ზაფხული და ქვეყნის ტურიზმი

ტურიზმი

როგორ მოიპარა მთავრობამ ჩემი ზაფხული და ქვეყნის ტურიზმი

"არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, რომ გაიხსნა საზღვრები. ყველა გადის გარეთ და ხედავს, როგორ ცხოვრობენ სხვები და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა"

ბიძინა ივანიშვილი

ახლა წესით იტალიიდან უნდა ვდებდე იმაზე პოსტს, როგორ ვიმგზავრე, როგორი ბედნიერი ვარ, როგორ მიხარია ევროპაში ყოფნა, როგორ ვისვენებ დატვირთული წლის შემდეგ და საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე… მაგრამ შეუცნობელია გზანი ბიძინასანი. 

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქართველებს საქართველოში დასვენების სწავლება გვჭირდება და ისიც განგვისაზღვრა, ჩვენი ფული სად უნდა დავხარჯოთ.

"ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ“ - ეს გიორგი გახარიამ 5 ივნისს, ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა არაერთხელ გვქონდა მოსმენილი რომ საერთაშორისო ტურიზმი ძალიან მალე, 1-ელ ივლისს უნდა გახსნილიყო. მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა უკვე ორჯერ გადაიფიქრა და არც იმას უჩანს პირი, რომ მომდევნო რამდენიმე თვე მაინც ამ გადაწყვეტილებას შეცვლის.

“მთავრობის შეზღუდვებმა გვაიძულა, თქვენი რეისი გავაუქმოთ” - რამდენიმე კვირის წინ მიღებულმა ამ მეილმა საბოლოოდ დამიკარგა ის იმედი, რომელმაც რამდენიმეჯერ გაუქმებული ფრენის მიუხედავად, სხვა ავიაკომპანიის ბილეთი მაყიდინა. ასე ჩაიშალა ჩემი ჯერ კიდევ ნოემბერში 45 ლარად ნაყიდი ბილეთით დაგეგმილი მოგზაურობა.

სატირალია, ჰო? მაგრამ მე მხოლოდ დამსახურებული დასვენება და ევროპული ზაფხული დავკარგე, ადამიანების უმეტესობამ კი, შემოსავალი, შეიძლება, საჭმლის ფულიც კი, რომლის კომპენსირებასაც, მთავრობას ჰგონია, რომ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებით შეძლებს. დიახ, ერთჯერადი 300 ლარით, იმ პირობებში, როცა ლარის მსყიდველუნარიანობა ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდებს ხსნის. 

“ჩვენ ბევრი რამე გავუკეთეთ ტურისტულ ინდუსტრიას” - ამბობს ეკონომიკის მინისტრი, თუმცა არ ახსენებს, რამდენი გაუფუჭა. არ ამბობს იმას, რომ მათ თევზის თავები მისცა მაშინ, როცა ანკესი წაართვა. ნათია თურნავას ალბათ არასდროს გაუხედავს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მიღმა და არ შეუხედავს იმ ჯგუფებში, სადაც დაინახავდა, რა გაუკეთა აპარტამენტებს, საოჯახო სასტუმროებსა და იმ გიდებს, ვისი ერთადერთი შემოსავლის წყაროც ტურისტები იყვნენ. 

მთავრობა კი ირწმუნება, რომ  “ტურისტული ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი მიესალმება ჩვენს სიფრთხილეს”, თუმცა, მოქალაქეები ვხედავთ, რამდენჯერ გამართეს აქცია და შექმნეს პეტიცია საზღვრების გახსნისა და კარანტინის გაუქმების მოთხოვნით ტურისტულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა.  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უკვე ამბობს, რომ 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 80%-ით შემცირდება. მთავრობა კი, საზღვრებს მხოლოდ ხუთ ქვეყანას უხსნის უპირობოდ - გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს. “უპირობოდ”ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ხუთი ქვეყნიდან ჯამში მხოლოდ სამ ავიაკომპანიას მისცეს ფრენის უფლება, ისიც მათ, რომლის ბილეთიც საფასურიც მაღალი კონკურენციის პირობებშიც კი რამდენიმე ასეული ევრო იყო, ახლა კი, როცა მოთხოვნა დიდია და მიწოდება თვეში სულ 4-8 ფრენა, ბილეთის ფასი იმაზე მეტია, ვიდრე, მაგალითად მე ჯამურად დახარჯვას ვაპირებდი ორკვირიანი მოგზაურობისას. 

ამან, ბუნებრივია, არამხოლოდ აქედან წამსვლელთა, არამედ ჩამოსულთა ნაკადიც შეამცირა, რადგან რამდენ ტურისტს მოუნდება მხოლოდ ბილეთში რამდენიმე ასეული და ზოგ შემთხვევაში ათასეული ლარის გადახდა? ალბათ, ნამდვილად “თითო-ოროლას”.  აქვე ე.წ “არაკეთილმოსურნე ოპოზიციონერი” გიორგი კანდელაკისგან სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ სწორედ იმ უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომლის გახსნაც საზეიმოდ დააანონსა, ლიტვიდან და ესტონეთიდან, ავიაკომპანია Get Jet-ის 16 ჩარტერული რეისი დაბლოკა აგვისტო-სექტემბერში.

ეკონომიკის მინისტრი იტყუება, რომ მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ გაგვიხსნა უპირობოდ საზღვრები და მათთან ნაცვალგების პრინციპით იმოქმედეს. ნათია თურნავა სულ არ ახსენებს ამ კონტექსტში საბერძნეთს, ნიდერლანდებს, ასევე პოლონეთს, რომელიც მზად იყო საზღვრების გასახსნელად, თუმცა საქართველოსგან უარი მიიღო.

კოვიდ-სტატისტიკას თუ შევხედავთ, ხუთიდან ორ ქვეყანას, რომელსაც საზღვარი გავუხსენით, იმაზე ბევრად მეტი ინფიცირებული ჰყავს როგორც ყოველდღიური, ისე ჯამური და მილიონ მოსახლეზე მაჩვენებლით, ვიდრე მათ - ვისაც არ გავუხსენით. შესაბამისად გაუგებარია ლოგიკა - ვის ააარ გავუხსენით, რატომ აააარ გავუხსენით, როგორ აააარ გავუხსენით და როგორც არის...

საბერძნეთის ელჩის პროტესტს და კრიტიკას საზღვრების არგახსნაზე ეკონომიკის მინისტრმა იმით უპასუხა, რომ ელჩი შეცდომაშია შეყვანილი და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ავიაკოამპონიების დაცვას ცდილობს, თუმცა, არგუმენტზე, რომ საბერძნეთს ნამდვილად ბევრად უკეთესი ეპიდვითარება აქვს, პასუხი არ აქვს. 

იმაზე, რომ საბერძნეთი საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად იბრძოდა, ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმაც ილაპარაკა. ამის შემდეგ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა - მისი ცნობით, საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო, როცა ეჭვი გამოთქვა, საბერძნეთმა ის დოკუმენტები ხომ არ გააყალბა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საბერძნეთს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 

ეკონომიკის მინისტრი კი ირწმუნება, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება, მაგრამ აგვისტოში დანიშნული მხოლოდ ერთი ჩარტერული რეისი საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ საბერძნეთის ელჩმა მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნა მოუძებნოს, ალბათ, დიმიტრიოს კარაბალისის შემდგომი განცხადებებიდან გავიგებთ. 

უცხოელი ტურისტების გარდა, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის კარი იმ ემიგრანტებსაც დაუხურა, რომლებიც წელიწადში ან რამდენიმე წელში ერთხელ ახერხებენ სამშობლოში ორი-სამი კვირით დაბრუნებას. გარდა იმისა, რომ ფრენა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ქალაქიდან სრულდება და თან, რამდენიმე ასეულ ევროდ, სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს საქართველოს პასპორტი მხოლოდ ხელს უშლით. ისინი აეროპორტიდანვე კარანტინში მიჰყავთ, მაშინ, როცა, მათ გვერდით მჯდომი ან მეტიც, მათთან ერთ სახლში მცხოვრები გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქე სიცხის გაზომვის და ჯანმრთელობის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, ქვეყანაში თავისუფლად შემოდის. 

პირადად მე უცხოეთში ბევრი ახლო ნათესავი მყავს, მათ შორის, ოჯახის ყველა წევრი. სიტუაციის ტრაგიკომიკურობის ასახსნელად სულ რამდენიმე პირადი მაგალითიც გამოდგება:

  • დედაჩემს დროებითი საბუთი აქვს, დეიდაჩემს - მუდმივი. დედაჩემს ჩამოსვლისას კარანტინი მოუწევს, დეიდაჩემს - არა. მთავრობა როგორც ხსნის, საქართველოს მოქალაქეებს და დროებითი ცხოვრების მქონე ადამიანებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მუდმივ რეზიდენტენთან შედარებით მეტი სოციალური კონტაქტები აქვთ, ანუ რა გამოდის - დედაჩემი (რომელიც ქალაქიდან არ გადის ხოლმე) ბევრ ადამიანს ნახავს და დეიდაჩემი (რომელიც თბილისის გარდა, რამდენიმე სოფელში ჩადის შვებულების დროს) - არა? 
  • ჩემი და გერმანიაში, გერმანულ ოჯახში ცხოვრობს. მათ ოქტომბერში ჩემს დასთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა სურდათ. რომც იყიდონ ლუფტჰანზას ძვირიანი ბილეთები, ჩემი და კარანტინში უნდა წავიდეს, ხოლო პიტერი, ანეტი, მერლი და ემილი ქვეყანაში შემოვლენ, რამდენიმე ქალაქში წავლენ და არაერთი სოციალური კონტაქტი ექნებათ. 
  • ჩემი მეგობარი ევროკავშირის მოქალაქეზეა დაქორწინებული, ჩამოსვლა რომ მოუნდეს, მისი ქმარ-შვილი თბილისში მის მშობლებთან წავლენ, ხოლო თავად - ორ კვირას კარანტინში გაატარებს. 

როგორი ლოგიკურია, არა?

რამდენიმე დღის წინ ჩემს ემიგრანტ მეგობარს ახლო ნათესავი გარდაეცვალა საქართველოში. ეცა ბილეთებს, რამდენიმე გადაჯდომით მოძებნა რამდენიმეათასლარიანი ბილეთი, მაგრამ გაგიკვირდებათ და, პანაშვიდების ნაცვლად კარანტინში ყოფნა არ მოუნდა. ზის ახლა და შორიდან გლოვობს, ის ხომ არც მინისტრი ზალკალიანია, რომელსაც ბიუჯეტის ფულიდან შეუძლია PCR ტესტის გაკეთება სამ დღეში ერთხელ და არც უცხოელი ბიზნესვიზიტორი, რომ საკუთარი ხარჯით მაინც შეძლოს ანალიზის აღება. 

უცხოელი ბიზნესვიზიტორი შემთხვევით არ მიხსენებია, სწორედ უცხოელი უნდა იყო და ისიც ბიზნესვიზიტორი, რომ კარანტინს აცდე. როგორც მთავრობის გადაწყვეტილებიდან ჩანს, ქართველი ბიზნესვიზიტორი ბიზნესვიზიტორი არ არის და თუნდაც ექსპორტზე მოსალაპარაკებლად წასული ქართველი რომ უცხოეთიდან დაბრუნდეს, ფასიანი ტესტის პრივილეგიითაც ვერ ისარგებლებს.

კიდევ დიდხანს რომ არ აპირებენ საკარანტინე რეჟიმის მოხსნას, ისიც ადასტურებს, რომ 144 დაკონტრაქტებული სასტუმროს რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა უნდათ. ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელმა 5 აგვისტოს თქვა, რომ კარანტინის პროგრამის ფარგლებში ყველა იმ სასტუმროსთან ითანამშრომლებენ, ვინც მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

რაც გააკეთეს და რა დარტყმაც მიაყენეს ქართულ ტურიზმს “ოაზისად” წოდებული ქვეყნის მზრუნველი მთავრობის პედესტალიდან, კარგად ვერც გაიგებ - მოსწონთ თუ არ მოსწონთ. თუ არჩევნებამდე სამი თვით ადრე “ღრმა ეკონომიკური კრიზისის” გამო დაანონსებულ კომპენსაციებზე საუბარი გვინდა, მაშინ “თითოროლა ტურისტი გვყავს” და საქართველოში ფრენებიც “ზღვაში წვეთია”, ხოლო თუ იმას ეკითხები ეკონომიკის მინისტრს, რატომ არ გაუხსნა კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე საბერძნეთს საზღვარი, მაშინ “საკმაოდ ინტენსიური ფრენებით და საკმაოდ აქტიურად გახსნილი საზღვრებით” მოაქვს თავი, მას ისიც უხარია, რომ “პირველი ტურისტები გამოჩნდნენ”, ოღონდ სად გამოჩნდნენ, ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები რატომღაც ვერ ხედავენ, ხოლო გიდები ხუმრობით უკვე უცხოელ ტურისტებს დასათვალიერებელ  ღირსშესანიშნაობადაც კი თვლიან. 

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბაზრიდან ფაქტობრივად გაგდება მინიმუმ კიდევ რამდენიმე თვით, ცალკე უდიდესი ტრაგედიაა. Wizzair-მა, რომელიც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის აღმოჩნდა ფანჯარა ევროპაში, საქართველოში ბაზის მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა და სანაცვლოდ, ნამდვილად ცუდი ეპიდემიოლოგიური ფონის მქონე ქვეყნებში - უკრაინასა და რუსეთში გახსნა ბაზები. თუმცა, ეკონომიკურ მინისტრს უმნიშვნელო ჰგონია ის ფაქტი, “Wizzair-ს თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს". 

Wizzair-ის გარდა, რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შემოსული Ryanair-ი, იმედგაცრუებულია, რომ კიდევ ერთხელ აიძულა მთავრობამ, გაყიდული ბილეთები გაეუქმებინა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აღიარებს. რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები მზად იყვნენ, ფრენები დაეწყოთ, თუმცა, უარი მიიღეს და ამბობს, რომ “ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს”. ჩვენ როდის ვიქნებით მზად საქართველოს მთავრობის აზრით, ამას არ აკონკრეტებს, “ის ქვეყნები” კი, ფაქტია, მზად არიან, რადგან Ryanar-საც და Wizzair-საც ასობით ფრენა აქვთ ყოველდღიურად და ალბათ, საქართველოს მთავრობის მსგავს “ბრიყვულ უტეხობას” არც შეხვედრიან.

როგორც ჩანს, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები მედიატორების საშუალებით ცდილობენ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას, რაზეც ეკონომიკის მინისტრის პასუხია, რომ ეს არ სჭირდებათ და თუ Ryanair-სა და Wizzair-ს კითხვა გაუჩნდებათ, შეუძლიათ, მთავრობას მიმართონ. 

იმ ფონზე, როცა კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური კლინიკური ჯგუფის უფროსი თენგიზ ცერცვაძეც აღიარებს, რომ მისი პროგნოზით, არც საზღვრის გახსნის შემდეგ მოიმატებს მკვეთრად Covid 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა, გაუგებარია, რა მეცნიერულ ახსნას ეფუძნება ჩაკეტილი საზღვრები და კარანტინი თუ აეროპორტებში დაცულია უსაფრთხოება, ხოლო მგზავრებს და ტურისტებს ევროპის ყველა ქვეყანა სთხოვს პირბადეს და დისტანციას. ვითომ იქიდან წესების დაცვით ჩამოსული ტურისტი უფრო საშიშია, ვიდრე დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან დაუსრულებელი რიგები?

ცხადია, “კორონავირუსი კარგად ვმართეთ” განცხადებებით საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია და სარეკლამო სტატიებსაც არ ვაკლებთ ქება-დიდებით - როგორ მედგრად ვებრძოლეთ და კარგად ვმართეთ ეპიდემია. აბა მართვა? ვირუსის გავრცელებამდე ჩაკეტვა მართვაა? ვაქცინის შექმნამდე ჩაკეტილი საზღვრები მართვაა? ეპიდემია მართეს იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ეკონომიკა და ტურიზმი მთელი წლით არ გაუჩერებიათ, თუმცა, არც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ და არც ტურისტულ ინდუსტრიას მიუღია შეუქცევადი ეკონომიკური ზიანი (მაგალითად თუნდაც გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოდგება).

და ბოლოს - ნუთუ განვითარებული ქვეყნების მთავრობები, ვინც თუნდაც Covid- ტესტის სანაცვლოდ უხსნის კარს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და ნიშნავს დღეში ათობით ფრენას, არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე? ფეხებზე იკიდებს მათ ჯანმრთელობას?

არ მგონია, ასე იყოს, ქალბატონო მინისტრო, მაგრამ თქვენთვის მთავარი ხომ შუშის სასახლეში გამოკეტილი ბატონის კაპრიზებია - “პიპინს გაუმაარჯოს. უპიპინეთ ბიჭებო, უპიპინეთ, შეუპიპინეთ, დაუპიპინეთ”.

კომენტარები