ტურიზმი

თურნავა საბერძნეთის ელჩზე: დიპლომატისგან მსგავსი ბრალდებები გაუმართლებელია

"გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან" - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საბერძნეთის ელჩის კრიტიკას. დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნის და უკვირს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი. 

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ფიქრობს, რომ საბერძნეთის ელჩი ბერძნულმა ავიაკომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საბერძნეთთან ფრენები არ დაუდასტურებია, "თუმცა, რა თქმა უნდა, დიალოგი მუდმივად მიმდინარეობს არამარტო ეგეოსის ავიახაზებთან, არამედ სხვა ავიაკომპანიებთან, რაც ადრე თუ გვიან ურთიერთშეთანხმებით სრულდება".

"დადასტურება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ კეთილი ნება ჩვენი მხრიდან, რომ შევთანხმდეთ გარკვეული რაოდენობის ფრენებზე გარკვეული პერიოდში, ეს შეიძლება არ იყოს აგვისტო და იყოს სექტემბერი, ამაზე ვმუშაობთ, ეს პროცესი მიმდინარეობს.

აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა, მათი დიპლომატიური კორპუსი ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიების ინტერესები, ეს ასეა ზოგადად, მაგრამ აქ არის ის შემთხვევა, როდესაც ბიზნესინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიურ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ნათია თურნავამ და იქვე აღნიშნა, რომ საბერძნეთის ელჩის ინტერვიუსთვის მას არ მოუსმენია.

"მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ რანგის დიპლომატი... ეტყობა, შეცდომაში იყო შეყვანილი ავიაკომპანიის მხრიდან" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

1-ელ აგვისტოს, რუსთავი ორთან ინტერვიუში საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ კორონავირუსის გაცილებით უკეთესი სტატისტიკა აქვთ, ვიდრე გერმანიას და საფრანგეთს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. მანვე აღნიშნა, რომ საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესაყვანად.

"ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარისგან მოვისმინეთ განმარტება. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს, გეტყვით, რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით. საბერძნეთმა, "შავ სიაში" შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა. იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო, საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ.

საბერძნეთი არა მხოლოდ "მწვანე ზონას" წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5-ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიის და საფრანგეთისა, სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა. რატომაა პრობლემა, რომ გვქონდეს თვეში თუნდაც 4 ფრენა, რომ წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოზე, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე მსხვილი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ.

გვყავს ათასზე მეტი ადამიანი საქართველოში, ესენი არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ოჯახის წევრები – დროებითი ცხოვრების უფლების მქონეები, მათ აქვთ შიში, რომ სამსახურებს დაკარგავენ. ამავდროულად, ის ფულადი გზავნილები, რომელიც საბერძნეთიდან საქართველში მოდიოდა, შეჩერდა, წარმოდგენა რომ გქონდეთ ამ რიცხვებზე, გეტყვით, რომ გასულ წელს 200 მილიონი დოლარი შეიტანეს საბერძნეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში“, – ამბობს საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი რუსთავი ორთან ინტერვიუში.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ - თუ "ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს", კვირაში ორჯერ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ 10 დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა, რომ "როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია". 28 ივლისს კი განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, "საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას".

კომენტარები