ტურიზმი

რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა - ავიაციის სააგენტოს შეტყობინება

0 კომენტარი

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. საავიაციო სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა, საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1 აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით". – წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. 

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში  - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, მოლაპარაკებები ავიაკომპანია Air Baltic-თან მიმდინარეობს - საქართველოს მთავრობას სურს, კვირაში მხოლოდ ერთი ფრენა შესრულდეს, რაზეც Air Baltic-ს ჯერ თანხმობა არ უთქვამს. დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები