ტურიზმი

კანდელაკი: იქნებ ყალბი დოკუმენტებიაო - საქართველოს ელჩმა ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო

0 კომენტარი
გიორგი კანდელაკი ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით დონდუა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, რა დროსაც, კანდელაკის ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ დოკუმენტები, რომლებიც საბერძნეთის მხარემ წარმოადგინა, შესაძლოა, ყალბი იყოსო. 

კანდელაკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საბერძნეთის მხარემ საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი დააყენა და წარმოადგინა ევროკავშირის შიდა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში საბერძნეთის მთავრობა აქტიურობდა.  

"დოკუმენტებზე, რომლებიც საბერძნეთის მხარემ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საბერძნეთი ძალიან აქტიურობდა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოსანიჭებლად, საქართველოს ელჩმა, როგორც ჩანს, თბილისიდან ინსტრუქციით თქვა, რომ, მე რა ვიცი, იქნებ ყალბი დოკუმენტებიაო. ამან შოკი გამოიწვია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შექმნა ძალიან უხერხული სიტუაცია საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობაში", - თქვა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე. 

კანდელაკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საბერძნეთს, რომელსაც კორონავირუსის კარგი სტატისტიკა აქვს, საზღვრები არ გაუხსნას, არის "სირიყვე და მავნებლობა".

"იმ ფონზე, რომ საბერძნეთს, მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კორონავირუსის კარგი სტატისტიკა გააჩნია, საბერძნეთი ძალიან აქტიურობდა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთში იმყოფება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ვისაც სურს საქართველოში დაბრუნება, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მთავრობის გაჯიუტება და გაჯიქება, რომ კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყანას არ გაუხსნას საზღვარი და მის ავიაკომანიას, ეგეოსის ავიახაზებს და ასევე ვიზეარს, რომელიც ქუთაისიდან საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში დაფრინავდა, არ მისცეს რეგულარული ფრენების განხორციელების საშუალება, არის სიბრიყვე და მავნებლობა", - ამბობს კანდელაკი.

საბერძნეთის ელჩმა, დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა. კარაბალისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნის და უკვირს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი.  

1-ელ აგვისტოს, რუსთავი ორთან ინტერვიუში საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ კორონავირუსის გაცილებით უკეთესი სტატისტიკა აქვთ, ვიდრე გერმანიას და საფრანგეთს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. მანვე აღნიშნა, რომ საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესაყვანად. 

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ - თუ "ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს", კვირაში ორჯერ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ 10 დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა, რომ "როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია". 28 ივლისს კი განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, "საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები