ტურიზმი

დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმების და ფრენების აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

WizzAir

დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებისა და უსაფრთხო ქვეყნებში რეგულარული ფრენების დაშვების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. მოქალაქეები საქართველოს მთავრობას, ასევე, მოუწოდებენ, გააფართოოს უსაფრთხო ქვეყნების სია და დაბალბიუჯეტიან კომპანიებს ფრენის უფლება მისცეს.

სრულად პეტიციაზე ხელმომწერების მოთხოვნებია:

  • გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ ისინი ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან.
  • გაფართოვდეს უსაფრთხო ქვეყნების სია. ამჟამად არსებული ოფიციალური სტატისტიკით უკვე უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებთან თანაზომადი ეპიდსურათი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, საბერძნეთი და ავსტრია.
  • საქართველოს მთავრობამ ნება დართოს ვიზეარს და რაინეარს, შეასრულოს რეგულარული ფრენები საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებში.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას,  ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ - თუ "ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს", კვირაში ორჯერ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ 10 დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა, რომ "როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია". 28 ივლისს კი განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, "საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას".

კომენტარები