ტურიზმი და კორონავირუსი

თურნავა: საბერძნეთთან ურთიერთობა მყარია, რაც არ უნდა თქვას არაკეთილგანწყობილმა ოპოზიციამ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მტკიცებით, საქართველოს მთავრობა საბერძნეთის ძალიან მადლიერია. მისი თქმით, საბერძნეთის მთავრობისა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგია, რომ საქართველო ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაშია.

"ჩვენი და საბერძნეთის ეკონომიკური, ტურისტული, პოლიტიკური ურთიერთობები არის ძალიან მყარი, ძალიან პოზიტიურია და ამას არანაირი ჩრდილი არ მიადგება, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ილაპარაკოს, რომელიმე არაკეთილგანწყობილმა ოპოზიციონერმა თუ რომელიმე სხვა პირმა". – ამბობს თურნავა.

რაც შეეხება საბერძნეთთან პირდაპირ ფრენებს, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ "არც იქ არის, დღესდღეობით, მარტივი ეპიდემიოლოგიური ვითარება, თვითონაც არიან შეწუხებულები და გარკვეულ ზომებს იღებენ". ტაბულამ თურნავას შეახსენა, რომ საბერძნეთს ხუთჯერ და ათჯერ ნაკლები ინფიცირებული ჰყავს როგორც ყოველდღიურად, ისე ჯამურად, საფრანგეთთან და გერმანიასთან შედარებით, რომლებთანაც საზღვარი უპირობოდ გაიხსნა.

"ჩვენ საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები, ხედავთ, რომ ფრენები საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება, არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც შარშან იყო, მაგრამ როგორც შეეფერება იმ მთავარ ამოცანას, რომ ჩვენი ეპიდვითარება უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ. ამ ფონზე ჩვენ ფრთხილად ვუდგებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე წარმოებდა ეგეოსის ავიახაზებთან და მხოლოდ ახლა გავედით ბოლოში და დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება. შეგვიძლია, გითხრათ, რომ აგვისტოს ბოლომდე, როგორც მინიმუმ, ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება, კონკრეტულ თარიღს გამოვაქვეყნებთ. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც დღეს აწყობს საბერძნეთსაც და აწყობს საქართველოსაც".– ამბობს თურნავა.

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით დონდუა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, რა დროსაც, ელჩმა თქვა, რომ დოკუმენტები, რომლებიც საბერძნეთის მხარემ წარმოადგინა, შესაძლოა, ყალბი იყოს. კანდელაკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საბერძნეთის მხარემ საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი დააყენა და წარმოადგინა ევროკავშირის შიდა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში საბერძნეთის მთავრობა აქტიურობდა.

"დოკუმენტებზე საქართველოს ელჩმა, როგორც ჩანს, თბილისიდან ინსტრუქციით თქვა, რომ, მე რა ვიცი, იქნებ ყალბი დოკუმენტებიაო. ამან შოკი გამოიწვია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შექმნა ძალიან უხერხული სიტუაცია საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობაში". – თქვა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე.

იქამდე, საბერძნეთის ელჩმა, დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს მთავრობა საზღვრების არგახსნისთვის გააკრიტიკა. კარაბალისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნის. პირველ აგვისტოს, რუსთავი ორთან ინტერვიუში, საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ კორონავირუსის გაცილებით უკეთესი სტატისტიკა აქვთ, ვიდრე გერმანიას და საფრანგეთს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. მანვე აღნიშნა, რომ საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესაყვანად.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხესა და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ - თუ "ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს", კვირაში ორჯერ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება, ჯერჯერობით, ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ 10 დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა, რომ "როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია". 28 ივლისს კი განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, "საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას".

კომენტარები